ახალი ამბები

სააპელაციომ არ დააკმაყოფილა კაპანაძის სარჩელი აჭარის ტვ-სთან დაკავშირებით

2 ნოემბერი, 2022 •
სააპელაციომ არ დააკმაყოფილა კაპანაძის სარჩელი აჭარის ტვ-სთან დაკავშირებით

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სარჩელი. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ნათია კაპანაძემ დაუდასტურა.

მისი სარჩელი თავდაპირველად ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ის სასამართლოში ითხოვდა მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას.

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოს, ეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი, დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს მიმართა 11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი