საზოგადოება

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

6 მაისი, 2022 • 744
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან ძირითადად გაიზიარა ტელევიზიის ყოფილი ბორდის არგუმენტები სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში.

„ნათია კაპანაძის საქმეზე“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 მაისს გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ 17-ივე საკითხზე ისაუბრა, რაც ნათია კაპანაძეს ჩაუწერეს იმპიჩმენტის საფუძვლად, ის საკითხები კი, რაც მისთვის აღმოჩნდა დამაჯერებელი, ბოლოს ჩამოთვალა.

მოსამართლემ გაიზიარა ყოფილი ბორდის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდებოდა“. მოსამართლემ ასევე გაიზიარა მოსაზრება რეიტინგებზე, მაშინ, როდესაც ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა იმედაშვილმაც კი უთხრა, რომ რეიტინგი არაა საკითხი, რაც შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

მოსამართლეს რეიტინგების დათვლის სპეციალისტმაც უთხრა, როგორც მოწმემ, რომ რეიტინგის შემცირება უკავშირდებოდა სატელევიზიო ბადიდან მექანიკის (სერიალები, მხატვრული ფილმები) ამოღებას და მცდელობას, ტელევიზიას საკუთარი გადაცემები შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

მოსამართლემ ასევე გაიზიარა ყოფილი ბორდის პოზიცია შრომის ანაზღაურების ცვლილებაზე, რაც ბორდის შეფასებით, დისკრიმინაციული იყო. მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ მიიჩნია მან კაპანაძის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად.

„ეს გადაწყვეტილება ცალსახად დაუსაბუთებელია, ამას კვლევაც არ სჭირდება“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„გარემოებების ნაწილს სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს“, – აღნიშნა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და ამის მაგალითად მოიტანა „დაუსაბუთებელი ხარჯვა“, რაც ასევე იმპიჩმენტის საფუძვლად დასახელდა.

„ვერ იქნა დასაბუთებული ეს“, – ხაზი გაუსვა საკუთარ შეფასებას მოსამართლემ, თუმცა ამავე დროს მიიჩნია, რომ ერთი გადარიცხვა იყო „არამიზნობრივი“, რადგან დაირღვა ფორმალური საფუძველი.

ჯუმბერ ბეჟანიძის თქმით, შესყიდვების ნაწილში, რაც ბორდმა ჩაწერა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძვლად, ნათია კაპანაძემ კანონიერად იმოქმედა.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ, იყო ტელევიზიის თანამშრომლის გათავისუფლება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღადგინეს.

„თუნდაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს უნდობლობის გამოცხადების საფუძველი“, – დასძინა მოსამართლემ.

„ვწუხვარ, რომ ჯუმბერ ბეჟანიძე დარჩა მხარე და მიიღო ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, მან შეასრულა პოლიტიკური დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი“, – თქვა სასამართლო სხდომის შემდეგ ნათია კაპანაძემ.

————–

ნათია კაპანაძე სასამართლოში ითხოვდა მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას.

ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას წინ უსწრებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უცხო ქვეყნის საელჩოსეუთოს სპეცწარმომადგენლების შეშფოთება სარედაქციო პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევაზე, მაგრამ ამას მაშინდელი მრჩევლებისთვის [ნატა იმედაიშვილი, გიგა ჩხარტიშვილი, ირაკლი ირემაძე, ირაკლი დარცმელიძე] არ შეუშლია ხელი დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე მიეყვანა.

„ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 მაისს დაიწყო.

რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესებზე ნახეთ აქ.

ნათია კაპანაძის შემდეგ სასამართლოს მიმართა  11-მა ჟურნალისტმა და რედაქტორმა, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის პირობებში სამსახურიდან გაუშვეს, ან მათი სამსახურებრივი მდგომარეობა შეცვალეს. ამ საქმეების დიდი ნაწილის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

___

მთავარი ფოტო: ნათია კაპანაძე და ჯუმბერ ბეჟანიძე

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი