ახალი ამბები

„ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

26 ოქტომბერი, 2022 •
„ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეიქმნება სსიპ ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა იქნება.

„ევროკომისიის მხრიდან შემოთავაზება იყო, რომ მომხდარიყო ამ ფუნქციების კონსოლიდაცია, კოორდინაციის გაუმჯობესება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი უზრუნველყოფს 12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ამით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესაძლებლობა იქმნება“, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ასევე, ბიურო კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს — უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, შეარჩევს  სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ხოლო პრემიერი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს 6 წლის ვადით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას იმ პირობით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 1-4 ნოემბრის სასესიო კვირაში მხოლოდ პირველი მოსმენით, ხოლო მომდევნო კვირაში, მეორე და მესამე მოსმენით იქნება განხილული.

მასალების გადაბეჭდვის წესი