ახალი ამბები

თუ ომბუდსმენად ამირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსს გამოვეთიშები – ბურჯანაძე

25 ოქტომბერი, 2022 • 628
თუ ომბუდსმენად ამირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსს გამოვეთიშები – ბურჯანაძე

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუკი ომბუდსმენად აირჩევენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსს გამოეთიშება.

25 ოქტომბერს პარლამენტში მოსმენაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა გივი მიქანაძემ მას ჰკითხა, რატომ იღებს ორივე კონკურსში მონაწილეობას, რაზეც ბურჯანაძემ ასე უპასუხა:

„ერთგანაც და მეორეგანაც. ჩემს გადაწყვეტილებაში, შემომეტანა საბუთები, დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა, ვინც წარმადგინეს. იუსტიციის საბჭოში ფორმალური წარდგენა ხდება, – და მადლობა „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ ამისათვის… ამ პოზიციაზეც მე მხარი დამიჭირა საქართველოში მოქმედმა [40-ზე მეტმა ორგანიზაციამ]. მე ორივე შემთხვევაში მივიღე ლეგიტიმაცია იმ ადამიანებისგან, ვინც მუშაობენ ამ საკითხებზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ ვერ დაეთანხმება მიქანაძეს, რომლის თანახმადაც, ეს ორი პოზიცია თვისებრივად განსხვავებულია: „საქართველოში ნომერ პირველი საკითხი ადამიანის უფლებების კუთხით არის სასამართლოს საკითხი. ევროკომისიის შეფასებაც ამაზე მეტყვლებს. და ვფიქრობ, ერთიც და მეორეც [კონკურსი] არის ის, რაზეც მაქვს გამოცდილება; ვფიქრობ, ორივეს მოთხოვნებს ფორმალურად ვაკმაყოფილებ, ორივეზე ვარ მზად, წარმოვადგინო ხედვა. არც ერთზე ვიღებ პირადად მე გადაწყვეტილებას და არც მეორეზე“.

„თუ იქნა ჩემზე [სახალხო დამცველობაზე] არჩევანი, ბუნებრივია, გამოვეთიშები იუსტიციის საბჭოს წევრობის კონკურსს. თუ არა, ბუნებრივია, გავაგრძელებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარის, მიხეილ სარჯველაძის კითხვაზე, არის თუ არა მისთვის სახალხო დამცველობა უფრო პრიორიტეტული, განაცხადა:

„დროითი კომპონენტიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს [პოზიცია] პირველი იყო. ჩემი მხარდაჭერაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ პოზიციაზე გამოხატეს, პირველად კონკურსი აქ გამოცხადდა. ჩემი მონაწილეობაც წინ უსწრებს მეორეს“…

სარჯველაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, ჰიპოთეტურად, თუკი ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსს წარმატებით გაივლის და იქ აირჩევენ, როგორ მოიქცევა, ბურჯანაძემ უპასუხა:

„თუკი ის პროცესი დაასწრებს, ბუნებრივია, ის პროცესი დაასწრებს და იქ ვიქნები, ასე ვთქვათ, წარმატებული ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ორივე არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც ეხება ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების პერსპექტივით“.

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

25 ოქტომბერს სამ კანდიდატს მოუსმინეს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი