ახალი ამბები

ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას – ბურჯანაძე

25 ოქტომბერი, 2022 • 505
ვისურვებდი, საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას – ბურჯანაძე

სახალხო დამცველობის კანდიდატი, მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ისურვებდა, რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს უფრო მეტად დაეჭირა მხარი უკრაინისათვის.

„ვისურვებდი, საქართველო, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უფრო მეტად მხარს უჭერდეს უკრაინას“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ 25 ოქტომბერს პარლამენტში მოსმენაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის კითხვაზე პასუხად.

იონათამიშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა დამატებითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შეიძლება საქართველოს აღმოეჩინა უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა საქართველოს საელჩო კიევში დარჩა, ბუჯანაძემ უპასუხა:

„მე, როგორც მოქალაქეს, გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი [უკრაინაში]… რადგან სხვა დატვირთვა აქვს ქალაქში ვიზიტს, რომელიც იბომბება“.

ბურჯანაძის თქმით, საელჩოს კიევში დარჩენა მნიშველოვანი იყო, თუმცა დასძინა, რომ ფიქრობს, მეტი ოფიციალური ვიზიტი შესაძლებელი იყო.


პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

25 ოქტომბერს სამ კანდიდატს მოუსმინეს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი