ახალი ამბები

ნოემბრიდან საცდელად ამუშავდება საყოველთაო ჯანდაცვის ანაზღაურების ახალი მოდელი — მინისტრი

25 ოქტომბერი, 2022 • 1795
ნოემბრიდან საცდელად ამუშავდება საყოველთაო ჯანდაცვის ანაზღაურების ახალი მოდელი — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველი ნოემბრიდან საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში საპილოტე რეჟიმში ჩაეშვება “დი-არ-ჯი” (DRG) დაფინანსების მოდელი, პირველი იანვრიდან კი სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ყველა კლინიკა, ვინც აღნიშნულ სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს, შეძლებს მასში ჩართვას. ამასთან, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მის გაწერამდე მკურნალობის ხარჯები დაითვლება DRG მეთოდოლოგიით:

“კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ ვერანაირ ჯიბიდან გადახდებს გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ეს  მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით განსხვავდება, დაახლოებით, 0-დან 30%-მდეა.

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიაათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით გამოითვლება ტარიფი კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან იქ მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

[DRG] პირველ რიგში პაციენტებს მისცემს იმას, რომ ჩვენი მხრიდან კარგად გაკონტროლდება. კლინიკებს აღარ ექნებათ ფინანსური მოტივაცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასეც ხდებოდა, როცა რაღაც კონკრეტული ჩარევები სჭირდებოდა და ფინანსური მოტივაციიდან გამომდინარე იმაზე მეტი ჩარევები ხდებოდა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა ამას გადააზღვევს იმიტომ, რომ DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება”, — განმარტა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, 1 ნოემბრიდან 1 იანვრამდე საპილოტე რეჟიმის ფარგლებში სამინისტრო საჭიროებისამებრ კლინიკებს დაეხმარება და არ გამოიყენებს სანქციებს, ხოლო 1 იანვრიდან დარღვევის გამოვლენის პირველ შემთხვევაზე კლინიკა დაჯარიმდება, მეორე შემთხვევაში კი საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ჩაიხსნება.

რაც შეეხება დაფინანსებას, აზარაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 2023 წლიდან 80 მილიონი ლარით გაიზრდება და 900 მილიონ ლარზე მეტი იქნება, საიდანაც სამედიცინო სერვისებზე თანხების გადახდა სწორედ აქედან მოხდება.

ასევე, აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რეფერალური სისტემიდან ონკოლოგიური შემთხვევების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილი გახდება და ყოველწლიური ლიმიტი 20 ათასიდან 25 ათას ლარამდე გაიზრდება. მისი განცხადებით, ეს მიმართვიანობის სულ მცირე 90%-ს დაფარავს.


DIAGNOSIS RELATED GROUP (DRG) არის სტაციონარული შემთხვევების ტიპების კლასიფიკაცია ჯგუფებად, რომლებიც კლინიკურად (დიაგნოზით) მსგავსია და მოსალოდნელია, მსგავს რესურსებს იყენებდნენ. დაჯგუფებები ეფუძნება დიაგნოზებს. შესაძლებელია დაფუძნდეს პროცედურებზე, ასაკზე, სქესზე, გართულებების ან თანმხლები დაავადებების არსებობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც „ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის“.

ამ ეტაპზე DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  • გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია,
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა,
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა,
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა,
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები,
  • კომბუსტიოლოგია,
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში,
  • სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი