ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, ალიევის საქართველოში ვიზიტზე არაფერი იცოდა

24 ოქტომბერი, 2022 • 693
პრეზიდენტის თქმით, ალიევის საქართველოში ვიზიტზე არაფერი იცოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ აცნობეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 24 ოქტომბერს გაავრცელა.

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს“, — აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ესტუმრა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი