ახალი ამბები

ნიკა ობოლაძემ პარტიაში თავისი თავი ვერ იპოვა – ნიკა მელია

24 ოქტომბერი, 2022 • 468
ნიკა ობოლაძემ პარტიაში თავისი თავი ვერ იპოვა – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილმა მდივანმა, ნიკა ობოლაძემ, „პარტიაში თავისი თავი ვერ იპოვა“.

„ნიკა ობოლაძე მცირე ხნით იყო პოლიტიკურ პარტიაში და მან თავისი თავი აქ ვერ იპოვა. ძალიან სამწუხაროა. მისი სუვერენული უფლება იყო, მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. წარმატებებს ვუსურვებ, სადაც გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა მელიამ 24 ოქტომბერს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.

ობოლაძე უკვე გამოეხმაურა მელიას ბოლო განცხადებას და ფეისბუკზე დაწერა: „მეც ამას ვამბობ. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გადაიქცა პლატფორმად, სადაც ახალგაზრდა, თავისუფალი და მართლა დაინტერესებული, ახალი, აქამდე პარტიასთან დაუკავშირებელი ადამიანი, თავის ადგილს იპოვის“.

ობოლაძე იხსენებს ნიკა მელიას მიერ 2020 წლის საარჩევნო პერიოდში წარდგენილ 12 ახალ სახეს და კითხულობს: „რამდენმა მათგანმა იპოვა ადგილი? ეს ხალხი ცუდად შეირჩა თუ რაიმე სხვა მოხდა? დიახ, ადგილი დაკავებულია არასწორი თემებით და არასაწორი ხერხებით“, – წერს იგი.

„თუ ნაციონალურ მოძრაობაში არ მოხდა ფუნდამენტური გადატვირთვა, ჩემი აზრით, შეუძლებელი იქნება ამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გამოგლეჯა. არადა, თუ ვერ გამოვგლეჯთ, გამოდის, რომ პუტინისთვის ჩაგვიბარებია ქვეყანა. დაბოლოს, ბოლო 10 წელიწადში რამდენმა ახალმა, პარტიასთან მანამდე დაუკავშირებელმა ადამიანმა იპოვა საკუთარი ადგილი ამ პლატფორმაში? პრობლემაც ეგ არის. ჩემი იდეა პრაიმერისზეც სწორედ აქედან გამომდინარეობდა“, – დაწერა ობოლაძემ

ობოლაძემ 20 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ხედავს ძალას, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი