ახალი ამბები

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

21 ოქტომბერი, 2022 • 874
ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ობოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი იყო.

მისი თქმით, დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ხედავს ძალას, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში” რაღაც ახლის დაწყების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. ამ ინიციატივამ, მიუხედავად იმისა, რომ კულისებს იქით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.

ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. საბოლოო ჯამში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.

მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად, თუ მე შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ჩემთვის, მათ შორის, იყო ხერხი, რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში“, — განაცხადა ნიკა ობოლაძემ „ფორმულას“ ეთერში, 20 ოქტომბერს.


რამდენიმე კვირის წინ ნიკა ობოლაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოპოზიცია კრიზისშია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს არ აქვთ ლეგიტიმაცია ხალხისგან, ამიტომ საჭიროა პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა.

მისი ხედვით, საჭიროა, ენმ-ში ჩატარდეს შიდაპარტიული პრაიმერისი ლიდერების ასარჩევად და ღია პოლიტიკური პროცესის შედეგად ჩამოყალიბდეს ლიდერი ან ლიდერთა გუნდი, რომელიც შეცვლის „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებზე.

ენმ-ის ლიდერებს ლეგიტიმაცია არ აქვთ, საჭიროა პრაიმერისები – პარტიის სტრატკომის მდივანი

მასალების გადაბეჭდვის წესი