ახალი ამბები

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

21 ოქტომბერი, 2022 • 767
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ 9 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება 20 ოქტომბრის ღამით გამოცხადდა.

ხსენებული პირების დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა.

მათ შორის არიან პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ასევე დააკავეს შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი “მშენ-ექსპერტის” წარმომადგენლები.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.

როგორც “გრინსერვის პლუსის”, ისე “მშენ-ექსპერტის” თანამშრომელთა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი ბრალს არ აღიარებენ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი