ახალი ამბები

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 17 წლის დემონსტრანტი მოკლეს — BBC

20 ოქტომბერი, 2022 • 1118
ირანის უსაფრთხოების ძალებმა 17 წლის დემონსტრანტი მოკლეს — BBC

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 17 წლის ბიჭი ფრინველებზე სანადირო საფანტის ახლო მანძილიდან სროლით მოკლეს. ინფორმაციას BBC-ის სპარსულენოვანი სამსახური ავრცელებს წყაროებზე დაყრდნობით.

17 წლის აბოლფაზლ ადინეზადემ 8 ოქტომბერს სკოლა გააცდინა იმისათვის, რომ ანტისამთავრობო პროტესტში მიეღო მონაწილეობა ქალაქ მეშჰედში. ბიჭი სახლში აღარ დაბრუნებულა.

ხელისუფლება ფაქტს არ გამოხმაურებია, თუმცა BBC-მ მოიპოვა ადინეზადეს გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოზარდი დაიღუპა ფრინველებზე სანადირო საფანტით ღვიძლისა და თირკმლის დაზიანების შედეგად.

წყაროები ციტირებენ ექიმს, რომელიც ამბობდა, რომ აბოლფაზლ ადინეზადეს 1 მეტრზე მოკლე მანძილიდან ესროლეს.

“ასეთი რა დანაშაული ჩაიდინა, რომ მუცელი საფანტის 24 ტყვიით დაუხვრიტეთ?” — ისმის დაღუპული მოზარდის მამის ნათქვამი ვიდეოში, რომელიც ბიჭის დაკრძალვაზეა გადაღებული.

თავდაპირველად მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ბედი ეწია მათ შვილს მას შემდეგ, რაც პროტესტში მიიღო მონაწილეობა.

ასე გაგრძელდა მეორე დღემდე, როცა განათლების სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, წაეყვანათ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში მყოფი შვილი. თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ მშობლებს აცნობეს, რომ აბოლფაზლი გარდაცვლილი იყო.

“პირს მოკუმავ და მედიას არ დაელაპარაკები”, — წყაროების ცნობით, ასე გააფრთხილეს ბიჭის მამა პოლიციის განყოფილებაში.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული მოზარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ და მოუწოდებდნენ, ეთქვა, რომ მათი შვილი პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის, “ბასიჯის” წევრი იყო, რათა შექმნილიყო წარმოდგენა, რომ აბოლფაზლი პროტესტის მონაწილეებმა მოკლეს.

ხელისუფლებას მანამდე არაერთგზის უთქვამს, რომ “მეამბოხეები”, რომლებიც ირანის მტრებთან არიან შეკრულნი, “ბასიჯისა” და უსაფრთხოების ძალების სხვა წარმომადგენლებს კლავენ.

როგორც BBC წერს წყაროებზე დაყრდნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი უსაფრთხოების ძალები აბოლფაზლის დაკრძალვაზეც იმყოფებოდნენ, რათა გაეჩუმებინათ მგლოვიარეები, რომელთაც ბრაზის გამოხატვა სურდათ. დაკრძალვის შემდეგ ზოგიერთი მგლოვიარე გზად გააჩერეს და სთხოვეს, წაეშალათ ვიდეოები თავიანთი მობილურებიდან.

“წყაროების თქმით, ის იყო მხიარული მოზარდი, რომელსაც სხვების გაღიმება უყვარდა”, — წერს BBC-ის ჟურნალისტი პაჰრამ ღობადი.

სკოლის შემდეგ აბოლფაზლი 22:00 საათამდე მუშაობდა მობილური ტელეფონების შემკეთებელ ობიექტში.

ბოლო დროს მოზარდი სულ უფრო ბრაზობდა ირანში არსებული კორუფციისა და სექტემბერში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის, ასევე, სხვა ქალების ცემისა და მკვლელობების გამო.

1 თვეზე მეტია, ირანში გრძელდება ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა წლების განმავლობაში.

ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს სექტემბერში.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ქალის ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აქციების დროს უსაფრთხოების ძალების მიერ 244 დემონსტრანტის, მათ შორის, 32 ბავშვის მკვლელობის შესახებ იუწყება. სააგენტოს ცნობით, დააკავეს 12 500 ადამიანი, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდები და ბავშვები არიან.

სპარსულენოვანი და სხვა მედიასაშუალებები არაერთგზის წერენ მოკლული დემონსტრანტების ოჯახების დაშინებასა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან.

ამავე თემაზე:

ვინ არიან დემონსტრანტები, რომლებსაც ირანში კლავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი