„არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო“? — ეს კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუსვა.
მინისტრმა დარჩიაშვილმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და დეპუტატებს განუცხადა:
„საქართველოსთივს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სენსიტიური საკითხია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ესაა მთავარი საკითხი, რასთან დაკავშირებით ჩვენი თითოეული დიპლომატი და უწყება ვცდილობთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დავიცვათ და ხელი შევუწყოთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მოიტანს მშვიდობას და გვექნება განვითარება;
ამის პარალელურად, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული და ამ მიმართულებით მოვახდენთ პარტნიორების მობილიზებას“.
მინისტრ დარჩიაშვილს დეპუტატმა პაატა მანგჯალაძემ და სალომე სამადაშვილმა ამ საკითხზე დამაზუსტებელი კითხვები დაუსვეს, რაზეც დარჩიაშვილმა ასე უპასუხა:
„მე ვერ შემომიყვანთ აგრესიულ რიტორიკაში, გავაკეთო განცხადებები, რომლებიც იქნება [საწინააღმდეგო] იმ ნაბიჯების, აქტივობების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამართლებრივი პროცედურები დაწყებული, ვდგამთ ნაბიჯებს, რომ საქართველოს საკითხი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, გვაქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გავაკეთებთ, ვინმეს მოსწონს თუ არა, ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, თანმიმდევრულად განვავითაროთ სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა იყოს ჩვენთან“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.
რეზოლუციას, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი 99-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს დელეგაციიდან მხარი მხოლოდ ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ დაუჭირა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, რადგან, როგორც აცხადებენ, არ ეთანხმებიან ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
თუმცა „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას იზიარებდა.