ახალი ამბები

იაშვილის კლინიკა ნაწილობრივ დაიხურა: „რამდენიმე დეპარტამენტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“

20 ოქტომბერი, 2022 •
იაშვილის კლინიკა ნაწილობრივ დაიხურა: „რამდენიმე დეპარტამენტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“

იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ამიერიდან კლინიკა წყვეტს სტაციონარული პაციენტების მიღებას. მისი განმარტებით, ეს დაკავშირებულია როგორც სარემონტო სამუშაოებთან, ასევე რეგულირების სააგენტოს დასკვნასთან.

ჩხაიძის განმარტებით, ამ უკანასკნელში ნათქვამია, რომ კლინიკის დეპარტამენტების ნაწილი თანამედროვე სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილი სტაციონარულ პაციენტეს აღარ იღებს. ეს დაკავშირებულია პირველ რიგში კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნისა და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში“, — ამბობს ივანე ჩხაიძე და ამატებს, რომ რამდენიმე დეპარტამენტი ამ ეტაპისთვის სრულადაა გარემონტებული.

„რუსთავი 2-თან“ კომენტარში ჩხაიძე დასძენს, რომ რამდენიმე დეპარტამენტისთვის რემონტი გადაუდებელი საჭიროებაა. ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა პაციენტების მიღების შეწყვეტა ინფექციის კონტროლის პრობლემას, ის პასუხობს:

„სარემონტო სამუშაოების უკან და ინფრასტრუქტურული პრობლემის უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი“.

რაც შეეხება ბავშვების სხვა კლინიკებში გადაყვანის საკითხს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ კომუნიკაცია და „გადაწყვეტილება იქნება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე,“.

ნეტგაზეთს კლინიკაში დაუზუსტეს, რომ ონკოპაციენტი ბავშვები ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ლიანა ჭუმბურიძე ადასტურებს, რომ კლინიკის შემოწმების შედეგად ნამდვილად გამოავლინეს გარკვეული შეუსაბამობები, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებამ შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც ჭუმბურიძე პრესსამსახურის გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რეგულირების სააგენტო იაშვილის კლინიკას დაეხმარება სხვადასხვა კლინიკაში პაციენტების განაწილებაში.


დღეს საქართველოში ონკოპაციენტ ბავშვებს მხოლოდ ერთ კლინიკაში — იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს თბილისის ფილიალში — მკურნალობენ. ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები ამ კუთხით არაერთ პრობლემას გამოყოფენ, მათ შორის:

  • გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა;
  • ლიმიტირებული დაფინანსება;
  • სამკურნალო პრეპარატების სიმწირე;
  • პალატებში არსებული ინფრასტრუქტურა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

„ესპანეთში აღმოვაჩინეთ, რომ დიაგნოზი და მკურნალობა იყო არასწორი“ — ონკოპაციენტის მშობელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი