ახალი ამბები

ენტეროვირუსებით მომართვიანობა, შეიძლება ითქვას, გაორმაგებულია – იაშვილის კლინიკის ექიმი

8 სექტემბერი, 2022 • 871
ენტეროვირუსებით მომართვიანობა, შეიძლება ითქვას, გაორმაგებულია – იაშვილის კლინიკის ექიმი

აგვისტო-სექტემბერში ენტეროვირუსების მქონე პაციენტების რიცხვმა მკვეთრად იმატა. ამის შესახებ ნეტგაზეთთან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, ნატო გათენაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში, თუმცა კლინიკას პაციენტების მიღების რესურსი აქვს. ექიმი განმარტავს, რომ ნაწლავური ინფექციები ყოველწლიურად სწორედ ამ პერიოდში იმატებს, ყველაზე ხშირად კი კლინიკას ბავშვთა ასაკის პაციენტები მიმართავენ.

“ივლისთან შედარებით აგვისტოში მომართვიანობა მომატებულია მკვეთრად, შეიძლება ითქვას, რომ გაორმაგებულია აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში. ვირუსული გასტროენტერიტი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ამ პერიოდში ხალხი უფრო მჭიდრო კონტაქტშია ერთმანეთთან, შესაბამისად გავრცელებაც უფრო ხშირია. გავრცელება ძირითადად საკურორტო ადგილებს უკავშირდება, ვერ დავაბრალებთ მხოლოდ ზღვას, რადგან გვყავს როგორც ზღვიდან, ასევე მთიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული პაციენტებიც”, – განმარტა გათენაშვილმა.

მისი თქმით, პაციენტები, რომლებიც კლინიკას მიმართავენ ხშირ შემთხვევაში სტაციონარში აგრძელებენ მკურნალობას, რადგან მხოლოდ პირველადი დახმარება საკმარისი არ არის, თუმცა პაციენტების ნაწილი მკურნალობას ბინაზეც აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი