თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, რომელთაც კახა კალაძესთან შეხვედრა და კითხვების დასმა სურდათ, მერიის შენობაში არ შეუშვეს. ადგილზე, მერიის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.
ოპოზიციის წარმომადგენლები მერიის შენობასთან 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მივიდნენ. მათ შორის იყვნენ “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ხალხისთვის” წარმომადგენლები.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ არაერთი კითხვა ჰქონდათ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე, ტექნიკურ დეტალებზე, კორუფციაზე, “გრინსერვის+”-ის მიერ თბილისში განხორციელებული სხვა პროექტების უსაფრთხოებაზე და ა.შ.
“ამ ამბის მერე ყველა უნდა დაფიქრებულიყო, მათ შორის, მერიაში, საკრებულოში თუ მთავრობაში, რომ რას არ ვაკეთებთ ისე და რა არის გასაკეთებელი ამ ქალაქში, რომ მსგავსი ტიპის უბედურება კიდევ არ დაგვემართოს”, — აღნიშნა ენმ-ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე და საბა ბუაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
საკრებულოს დეპუტატები მერიის შესასვლელთან იცდიდნენ როგორც სხდომის დაწყებამდე, ისე მიმდინარეობისას, თუმცა მაინც ვერ შეძლეს კალაძესთან შეხვედრა:
მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც შენობის შესასვლელში თავიდანვე იდგნენ, მალე პოლიციელებიც დაემატნენ. დასასრულს, სამართალდამცავთა რაოდენობა, სულ მცირე, 20-მდე იყო.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, დეპუტატებმა ვერ მიიღეს პასუხი, რის გამო არ უშვებდნენ მერიის შენობაში.
მერიის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც დეპუტატებს უთხრა, რომ სხდომაზე მათი დაშვების საკითხს გაარკვევდა, მოგვიანებით ადგილზე აღარ გამოჩენილა. რაც შეეხება ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს, მათ დეპუტატებს უთხრეს, რომ “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის” მიზნით იმყოფებოდნენ მერიასთან.
პოლიციელები თბილისის მერიის შესასვლელთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
“მერიას აქვს შიდა განაწესი… უსაფრთხოების სამსახური არ გიშვებთ შიგნით”, — მიმართა პოლიციის თანამშრომელმა დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობიდან”, ნინო კვიტაიშვილს. ამ უკანასკნელის კითხვას, რაში მდგომარეობს შენობაში მათი არდაშვების სამართლებრივი საფუძველი, პოლიციელმა უპასუხა:
“თუ ირღვევა კანონი, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ”.
“ლელოს” წევრისა და საკრებულოს დეპუტატის, საბა ბუაძის სიტყვებით, კახა კალაძე “ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ დაემალოს კითხვებს, რომლებიც აქვთ თბილისელებს…”
“[თბილისის მერმა] არ მოგვცა საკრებულოს წევრებს საშუალება, რომ დავსწრებოდით თბილისის მთავრობის სხდომას და დაგვესვა კითხვები ყველანაირი ექსცესების გარეშე, მშვიდად, საქმიან რეჟიმში”, — თქვა მან და დაამატა, რომ ამ ქმედებით კალაძემ “კანონი დაარღვია”.
საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე, რომელიც პარტიას “ხალხისთვის” წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ “საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა შეშინებული მერი”.
“ამ ტრაგედიამ ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ საჯარო სივრცეები არ არის უსაფრთხო, რადგან კორუფციული გარიგებით ქირაობენ კონტრაქტორ კომპანიებს”, — დასძინა მან.
ნინო კვიტაიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
ოპოზიცია მერიას აკრიტიკებდა მთავრობის სხდომის 12-პუნქტიანი დღის წესრიგის გამოც, რომლის პირველ და მეორე საკითხად შეტანილი იყო ფესტივალის ორგანიზება და კონცერტის დაფინანსება. თუმცა, საბოლოოდ, სხდომაზე ეს საკითხები არ განუხილავთ.
“დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი”, — თქვა კალაძემ სხდომის დასაწყისში.
მისი თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს და გაიმეორა, რომ თუკი მისი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, პირადადაც მზად არის, სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე.
მეორე მხრივ, თბილისის მერმა ოპოზიცია გააკრიტიკა, მისი სიტყვებით, “ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის”.
ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებული განცხადების შემდეგ კალაძემ მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი. მისი მოადგილე იმ 9 ადამიანს შორისაა, რომლებიც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა.
საქმეზე თავად გიგაშვილიც გამოკითხეს. ის ამტკიცებდა, რომ შადრევანი 13 ოქტომბრის დილასაც გაიწმინდა და შემოწმდა.
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.
მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი.
მიმდინარე დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეთა ნაწილი კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებენ და აღნიშნავენ, რომ თბილისის მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს.