ახალი ამბები

„ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით“ გამოყენებისთვის კალაძე ოპოზიციას აკრიტიკებს

19 ოქტომბერი, 2022 • 820
„ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით“ გამოყენებისთვის კალაძე ოპოზიციას აკრიტიკებს

ვაკის პარკში 13 წლის ბავშვის დაღუპვის შემდეგ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა პირველად ჩაატარა და თავის განცხადებაში ოპოზიციაც გააკტირიკა.

მისი თქმით, ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარის  გამოყენებას ცდილობს პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც საზოგადოება შეაფასებს.

თუმცა კალაძეს არაფერი უთქვამს თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და გადადგომაზე, რასაც საზოგადოების ნაწილი მისგან მოითხოვს.

კალაძემ კვლავ გაიმეორა, რომ თუ მისი დანაშაული გამოიკვეთება, მზად არის, კანონის წინაშე პასუხი აგოს.

„ტრაგედიის დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

განცხადების შემდეგ თბილისის მერმა მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა.

პარალელურად, დედაქალაქის მერიასთან შეკრებილი არიან საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. დეპუტატებმა გააპროტესტეს, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 12 საკითხი, მათ შორის ფესტივალის ორგანიზება და თემურ ყვითელაშვილის კონცერტის დაფინანსება და არაფერია ნათქვამი ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე და უსაფრთხოების ზომების მიღებაზე.

საზოგადოების ნაწილი პირიქით, კალაძეს ადანაშაულებს ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში მომხდარიდან მალევე ჯერ ბავშვების გადამრჩენელი მებაღე მოინახულა, შემდეგ კი დაშავებულ ბავშვს ბურთი და საკუთარი მაისური აჩუქა, შეხვედრების ამსახველი ფოტოები კი სოციალური ქსელით გავრცელდა.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი