ახალი ამბებისაზოგადოება

კანონი ვერც ზედმეტად ლმობიერი იქნება და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ — კალაძე

19 ოქტომბერი, 2022 • 1314
კანონი ვერც ზედმეტად ლმობიერი იქნება და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ — კალაძე

თბილისის მერიის მთავრობის სხდომა ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით გაიხსნა.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის — მარიტას ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, მთელ საქართველოს“, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და მთავრობის წევრებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მარიტას ხსოვნისთვის.

მისი თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს.

„დაკავებულია 9 პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა — კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ“, — თქვა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ თუკი მისი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, პირადადაც მზად არის, სრული სიმკაცრით აგოს პასუხი კანონის წინაშე.

„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არანაირი კითხვები არ დარჩება“, — დასძინა კალაძემ.

განცხადების შემდეგ თბილისის მერმა მთავრობის სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა.

პარალელურად, დედაქალაქის მერიასთან შეკრებილი არიან საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. დეპუტატებმა გააპროტესტეს, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია  12 საკითხი, მათ შორის ფესტივალის ორგანიზება და თემურ ყვითელაშვილის კონცერტის დაფინანსება, და არაფერია ნათქვამი ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე და უსაფრთხოების ზომების მიღებაზე.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი