ახალი ამბები

შეიძლება, პიტბულისა და სხვა ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს — ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

18 ოქტომბერი, 2022 • 2282
შეიძლება, პიტბულისა და სხვა ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს — ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

საქართველოში შესაძლოა, ძაღლის სხვა ჯიშებთან ერთად, პიტბულ ტერიერის ჯიშის ძაღლების გამრავლებაც აიკძალოს.

ამის შესახებ დარგის ექსპერტები საკანონმდებლო პროექტის ფარგლებში ახლა მსჯელობენ, რომელიც შესაძლოა, პარლამენტმა უახლოეს მომავალში კანონად  დაამტკიცოს.

მიზეზი კანონმდებლობის სრულყოფა და ქვეყანაში ამ ჯიშის ძაღლების მიერ ადამიანებზე და სხვა ცხოველებზე თავდასხმის გახშირებული ფაქტებია.

„თუ [მებრძოლი ჯიშის ძაღლები] აიკრძალება, ეს არ შეეხება უკვე არსებულ ძაღლებს. რეგულაცია გავრცელდება ძაღლების შემოყვანასა და გამრავლებაზე.

ამაში ახალი არაფერია, ეს პრაქტიკა არსებობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში და სხვაგან.

ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ქართული რეალობა და შუალედური ვერსია გამოიძებნოს, რომ არც ძაღლების მფლობელების ინტერესი დაზიანდეს და არც სხვა ადამიანების უფლებები“, — ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი.

იოსელიანის თანახმად, დაგეგმილია ძაღლების ნუსხის შექმნა. ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ის მახასიათებლებიც, რისი გათვალისწინებითაც ძაღლი საფრთხის შემცველად ჩაითვლება.

მისი განცხადებით, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჯიში არ აიკრძალოს, მაგრამ ამგვარი ძაღლების მეპატრონეებს დამატებითი მოთხოვნები დაუწესდეს, მაგალითად, ამ ძაღლების გასეირნებაზე.

შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, კანონის რეალურად აღსრულება, მათ შორის, ცხოველთა გამრავლების შეზღუდვა, იოსელიანი აცხადებს, რომ ეს ეტაპობრივად შესაძლებელია.

„ცხოველის გამრავლება უნდა დაექვემდებაროს ნებართვას. ცხოველს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის ცნობა და ჯიშობრივი მოწმობა. თუ ნებართვის გარეშე გაამრავლებენ, იქნება ადმინისტრაციული სასჯელი“, — აცხადებს იგი.

მისივე განცხადებით, კანონზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და მისი განხილვა პარლამენტში, შესაძლოა, საშემოდგომო მოსმენების დროს დაიწყოს.

ბოლო კვირების განმავლობაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პიტბულის ჯიშის ძაღლების მიერ მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ თბილისსა და რუსთავში.

ამ ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აკრძალული ან მკაცრად რეგულირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი