ახალი ამბებისაზოგადოება

სანამ ძაღლის აყვანას/ჩუქებას გადაწყვეტთ

21 დეკემბერი, 2016 • 13312
სანამ ძაღლის აყვანას/ჩუქებას გადაწყვეტთ

“ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია”,  მეგობრებზე ზრუნვა კი დიდი პასუხისმგებლობაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ გავრცელებულ ფრაზას ეთანხმებით და უკვე გყავთ, ან აპირებთ, რომ ოთხფეხა მეგობარი იყოლიოთ. შესაბამისად, სანამ საახალწლოდ საყვარელი ადამიანების გახარებას ძაღლის ჩუქებით გადაწყვეტთ, გაეცანით “ნეტგაზეთის” სტატიას და გაიგეთ, თუ რა ხარჯის გაღება მოგიწევთ ოთხფეხა მეგობრებზე ღირსეული მზრუნველობისთვის.

ნათია რობაქიძეს სამი ძაღლი ჰყავს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლეკვის მოვლა გაცილებით რთულია და შედარებით დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს:

“როცა ლეკვს იყვან, უფრო მეტი ხარჯია, ვიდრე ზრდასრული ძაღლის შემთხვევაში. ლეკვს სჭირდება ნოყიერი საკვები, რომელიც ვიტამინებს შეიცავს. ლეკვის მოვლა თვეში 200-დან 300 ლარამდე ჯდება. დაახლოებით 200 ლარი- საკვებისთვის, დანარჩენი თანხა კი აცრებისთვისაა საჭირო. თუ ლეკვს ხარისხიან საკვებს არ მიაწვდი, რომ გაიზრდება, ეს მის ჯანმრთელობაზე აისახება” – ამბობს ნათია.

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საწყის ეტაპზე ლეკვს ოთხი აცრა- სამი კომპლექსური და ერთი ცოფის- სჭირდება. როგორც ნათია ამბობს, აცრების ფასი განსხვავებულია და იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ვეტერინარულ კლინიკას მიმართავ. ყველაზე ოპტიმალური ფასი კომპლექსური აცრისთვის, ნათიას თქმით, 25 ლარია. ცხოველის აცრა უფრო იაფადაც შეიძლება, თუმცა, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი ნაკლებად იქნება დაცული. სამი თვის შემდეგ კი ლეკვს უკვე ცოფის აცრა სჭირდება, რომელიც 20 ლარი ღირს. ამას ემატება ჭიებზე დამუშავების ხარჯი. წამალი, რომელიც აფთიაქში იყიდება, 5 ლარი ღირს. ლეკვს ჭიებზე დამუშავება ყოველთვე სჭირდება, ზრდასრულ ძაღლს კი ეს პროცედურა 3 თვეში ერთხელ დასჭირდება.

ერთ წელზე დიდი ასაკის ძაღლების შემთხვევაში საკვების ხარჯი მცირდება და თქვენს ოთხფეხა მეგობარს თვეში 100 – დან 150 ლარამდე ღირებულების საკვები დასჭირდება.

ამას აქსესუარების და მოვლის საშუალებების ხარჯიც ემატება. ლეკვის შემთხვევაში, საყელურზე გასაწევი ხარჯი ძაღლის პატრონზეა დამოკიდებული. თუ გინდათ, რომ თქვენმა ძაღლმა ლამაზი საყელური ატაროს, აქსესუარს ამის მიხედვით შეარჩევთ, თუმცა ზრდასრული ძაღლის შემთხვევაში, როგორც ნათია ამბობს, მისი ხარისხი მნიშვნელოვანია:

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“როცა უკვე ძაღლი იზრდება და ძლიერი ჯიშია, უბრალო საყელური აღარ უძლებს. ბევრს აქვს პრობლემა საქართველოში ამაზე. იმდენად ძლიერი ძაღლი ჰყავთ, რომ ასეთი სიმძლავრის საყელური არ იყიდება. გვყავს ერთი მკერავი, რომელიც კერავს 25 ლარად ერთ საყელურს. თუ შეხვალ ზოომაღაზიებში, შეიძლება მართლა ნახო გამძლე საყელური, მაგრამ ეღირება 100-დან 150 ლარამდე. 20-30-ლარიანს კი გადააწყდები, მაგრამ შეიძლება გაწყვიტოს ძაღლმა” – ამბობს ნათია.

მოვლის საშუალებები ძაღლის ჯიშის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ იორკი, პუდელი, შპიცერი ან სხვა შედარებით გრძელი ბეწვის მქონე ცხოველი გყავთ, როგორც ძაღლის პატრონები ამბობენ, დანახარჯი იზრდება. ნათია რობაქიძის თქმით, რომელიც სამ ძაღლს უვლის, შამპუნები, რომლებიც თბილისში იყიდება, ამ ჯიშის ძაღლების ბეწვის სტრუქტურაზე არაა გათვლილი და მათ პატრონებს შამპუნებისა და სავარცხლების უცხოეთიდან გამოწერა უწევთ. ერთი ფლაკონის შეძენა კი წელიწადში ორჯერ მოგიწევთ. ორ-სამ თვეში ერთხელ  ძაღლის გაკრეჭვაა საჭირო, რისთვისაც თითო ჯერზე 40 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

იმისათვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი საოჯახო ნივთების გამანადგურებლად არ იქცეს, მათი ყურადღების სპეციალურ სათამაშოებზე გადატანაა საჭირო. ყველაზე ცუდი, რასაც ძაღლის მომვლელები ამბობენ, ისაა, რომ ლეკვებს სათამაშოები მალევე ბეზრდებათ:

“ერთი კვირა ექნება ერთი სათამაშო, შეიძლება სულ არ გააფუჭოს, მაგრამ მობეზრდება და აღარ ითამაშებს.  სათამაშოებში, სანამ ლეკვია, ბევრი ფული მიგდის. ყველაზე მინიმალური სათამაშო რომ იყიდო, 2 -3 ლარი ღირს და კვირაში დაახლოებით სამი ცალის ყიდვა მოგიწევს, რომ ცოტა გაართო და სახლში ავეჯზე არ გადავიდეს და არ დაღრღნას” – ამბობს ნათია.

ვეტერინართან კონსულტაციაზე გასაწევი ხარჯიც ინდივიდუალურია. ბექა ჯებაშვილის თქმით, ერთხელ, როცა მისმა მოპსიმ მოწყენილობისგან წინდა შეჭამა,  ოჯახის ახლობელი ვეტერინარის ნაცვლად ვეტერინარულ კლინიკაში მივიდნენ, სადაც კონსულტაციაში 40 ლარი, კუჭის გამორეცხვაში კი 30 ლარი გადაიხადეს.

“თუ გინდა, ძაღლს კარგად მოუარო, ძალიან დიდი ხარჯებია საჭირო. რომ მოვიყვანეთ, საწოლის შეძენა გადავწყვიტეთ, რომელიც 100-120 ლარი ღირს. თავიდანვე არ უნდა გაანებივრო ძაღლი და თავისი საწოლი უნდა ჰქონდეს. ამასთანავე, ყელსაბამი და ღვედიც ძვირი ღირს. დაბალფასიანს თუ უყიდი, შეიძლება ბეწვი და კანი გაუღიზიანდეს. მაქსისთვის ჩვეულებრივი საყელურის გაკეთება არ შეიძლება, მთელ ტანზე რომ უკეთდება, ისეთია საჭირო, რომელიც ნორმალური ხარისხის დაახლოებით 40 ლარი ღირს.  სათამაშოც ხარისხიანი უნდა უყიდო. უხარისხო სათამაშო ვუყიდე ერთხელ 5 ლარად, რაღაც ბურთი იყო. დაგლიჯა ეს სათამაშო, ისიც ჩაყლაპა თავისთავად. მერე ვუკეთებდით ოპერაციას თვალზე. ნარკოზი რომ გაუკეთეს, აღებინა და მაშინ ამოიღო ამ სათამაშოს ნაწილები, რომლებიც იყო გაქვავებული, და რომ დარჩენოდა ორგანიზმში კიდევ დიდხანს, უკვე სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა” – ამბობს ბექა.

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გარდა ამისა, ზამთარში ძაღლს შესაძლოა ქურთუკი დასჭირდეს, რომელიც ძაღლის მომვლელების თქმით, ადამიანის ქურთუკზე არანაკლებ ძვირი ღირს. ბექა ჯებაშვილის თქმით, ოთხფეხა მეგობრის ზამთრის სამოსით უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 100 ლარი უნდა იქონიოთ.

ფინანსურის გარდა ძაღლის მოვლას დროის რესურსიც სჭირდება.

როგორც ბექა და ნათია ამბობენ, 6 თვემდე ასაკის ძაღლს ყოველდღიურად 5-6-ჯერ სჭირდება გასეირნება, სანამ ისწავლის, რომ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც სახლში არ შეიძლება. ვიზიტების ხანრძლივობა კი ძაღლის ჯიშზეა დამოკიდებული. თუ საშუალო და დიდი ზომის, ათლეტური აღნაგობის ძაღლი გყავთ, იმისათვის, რომ აგრესიული არ გახდეს, დილა-საღამოს თითო საათით უნდა გაასეირნოთ, რათა ენერგია დახარჯოს. შედარებით ნაკლები დრო სჭირდებათ პატარა ზომის ძაღლებს:

“მე ფრანგული ბულდოგი და ორი შპიცი მყავს, მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ. უფრო მეტი დროით უნდა ასეირნოთ ლაბრადორიც. მეტი სჭირდებათ კოკერსპანიელებსაც. ასე, საათნახევრიდან ორ საათამდე სჭირდებათ სეირნობა, რომ თავიანთი ხასიათი და ფუნქცია შეინარჩუნონ. უფრო პატარა ჯიში თუ გყავს, მაგალითად, პუდელი იორკი და შპიცი,  ყოფნის ნახევარი საათი დილით, ნახევარი საათი საღამოს” – ამბობს ნათია.

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 


იმედი გვაქვს, ეს სტატია სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც ძაღლის აყვანას/ჩუქებას გეგმავს. ხოლო თუ თქვენ უკვე გყავთ ძაღლი, მოგვწერეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ფუნქციის გამოყენებით, ან ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@netgazeti.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი