ახალი ამბები

აშშ-ში ქართველი ქალი ოჯახის პიტბულმა იმსხვერპლა

1 აგვისტო, 2022 • 1716
აშშ-ში ქართველი ქალი ოჯახის პიტბულმა იმსხვერპლა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ქალი დაგლიჯა პიტბულის ჯიშის ძაღლმა. ძაღლი ეკუთვნოდა ქალის შვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა. ამერიკული მედიის თანახმად, დაღუპული 70 წლის მარინა გაბუნია-ვერესტია, რომელიც ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე ცხოვრობდა.

პოლიციის თანახმად, ქალის ცხედარი გასული კვირის ოთხშაბათს, შუადღისას, თავისი სახლის ეზოში ნახა სამსახურიდან დაბრუნებულმა ქმარმა. იქვე იყო პიტბულიც. კაცმა პოლიცია გამოიძახა მას შემდეგ, რაც პიტბულმა ადგილზე მისულ პოლიციელზე თავდასხმაც სცადა, ამ უკანასკნელმა ძაღლს ესროლა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნანახით ტრავმირებული სამართალდამცავი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ მოტოციკლით ავარიაში დაიღუპა. იგი ძაღლთან ერთად მშობლების სახლში ცხოვრობდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ კი ძაღლს მშობლები უვლიდნენ”, — წერს NBC New York.

ტელეკომპანიის თანახმად, უცნობია, რა ვითარებაში დაესხა თავს ძაღლი 70 წლის ქალს.

მარინა გაბუნია მუსიკოსი და პიანისტი იყო. იგი ამერიკის ბალეტის თეატრსა და ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში საქმიანობდა. ორივე დაწესებულება ნიუ-იორკში მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი