ახალი ამბები

ოვსიანიკოვამ შვილთან ერთად რუსეთის დატოვება შეძლო — ადვოკატი

17 ოქტომბერი, 2022 • 811
ოვსიანიკოვამ შვილთან ერთად რუსეთის დატოვება შეძლო — ადვოკატი

ადვოკატის თანახმად, რუსეთის პროპაგანდისტული “პირველი არხის” ყოფილმა რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელმაც ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, 11 წლის შვილთან ერთად რუსეთის დატოვება მოახერხა. ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მისი ადვოკატის, დიმიტრი ზახვატოვის თანახმად, “პირველი არხის” ყოფილი რედაქტორი ქალიშვილთან ერთად გავიდა რუსეთიდან. ეს მოხდა იმ მისამართის დატოვებიდან რამდენიმე საათში, სადაც მანამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

“ისინი ახლა ევროპაში არიან”, — თქვა ზახვატოვმა 17 ოქტომბერს.

ადვოკატის ინფორმაციით, მარინა ოვსიანიკოვა და მისი შვილი “ევროპული სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არიან”, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის და დასძენს, რომ ამ ინფორმაციის გაცხადებამ, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას ოვსიანიკოვას.

“ისინი კარგად არიან. ელოდებიან, სანამ საჯაროდ საუბრის საშუალება მიეცემათ, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის უსაფრთხო”, — ამატებს ადვოკატი.

რუსეთის „პირველი არხის“ ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 2022 წლის 14 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინიაზე თავდასხმის შემდეგ შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“, „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

ოვსიანიკოვა მალევე დააკავეს და 30 000 რუბლით დააჯარიმეს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს გამო. დაკავებისა და ტელევიზიიდან გათავისუფლების შემდეგ, ოვსიანიკოვამ რუსეთი დატოვა და 3 თვე გერმანული გამოცემისთვის „Die Welt“ იმუშავა.

ივლისის დასაწყისში ოვსიანიკოვამ თქვა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა თავისი 11 წლის ქალიშვილისთვის საბრძოლველად. მისი თქმით, ყოფილმა ქმარმა, რომელიც პროპაგანდისტულ RT-ში მუშაობს, ომის საწინააღმდეგო პროტესტის შემდეგ სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა, რომ ბავშვმა მასთან, მოსკოვში იცხოვროს.

რუსეთში დაბრუნების შემდეგ, აგვისტოში, ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და შინაპატიმრობაც მაშინ მიუსაჯეს. მას რუსეთის არმიაზე „ყალბი ამბების“ გავრცელებას ედავებოდნენ კრემლის მიმდებარედ ივლისში გამართული აქციის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ თავად მონაწილეობდა პლაკატით:

„პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?“

ოქტომბრის დასაწყისში ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ის ქალიშვილთან ერთად შინაპატიმრობიდან გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით, რის შემდეგაც რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა.

“ნასტაიაშეე ვრემიას” თანახმად, 17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ოვსიანიკოვას ქალიშვილმა მამასთან ერთად უნდა იცხოვროს. მეურვეობის ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნულს იმით ასაბუთებდა, რომ ბავშვის დედა “პოლიტიკურ აქტივობებშია ჩართული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი