ახალი ამბები

მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი უჩივის, დედა კი მოღალატეს უწოდებს

15 მაისი, 2022 • 6792
მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი უჩივის, დედა კი მოღალატეს უწოდებს

„ვრემიას“ ეთერში ანტისაომარი პლაკატით გამოჩენილ ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას ყოფილი ქმარი უჩივის, ხოლო დედა მოღალატედ მიიჩნევს.

მარინა ოვსიანიკოვა გამოცემა Холод-თან ინტერვიუში ყვება, როგორ განვითარდა მოვლენები ცნობილი პროტესტის შემდეგ. ამბობს, აკვირდებიან და პლაკატის გაშლის გამო მისი არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა არ დაუყენებიათ. 30 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა ბანერის გაშლამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვის გამო.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა ქმარმა, რომელიც პროპაგანდისტურ Russia Today-ში მუშაობს, ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის „ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ დავების“ კატეგორიას განეკუთვნება.

„არ ვიცი, რატომ მიჩივლა. პროტესტის შემდეგ არ მელაპარაკება. სამ-ნახევარი წელია, დავშორდით, თუმცა საკმაოდ ნორმალურ ურთიერთობაში ვიყავით. ბავშვების თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია. პროტესტის შემდეგ ჩემთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტა, ამიტომ ვერ ვხვდები, რა სურს ჩემგან. შოკში ვარ. ვცადე, როგორმე გამერკვია რა ხდებოდა, მაგრამ არ მიპასუხა. არც შვილის მეშვეობით და არც პირადად არ მპასუხობს. ვფიქრობ, ის საკმაოდ წესიერი ადამიანია და ვფიქრობდი, რომ არ სურდა ჩვენი შვილებისთვის ზედმეტი სტრესის მიყენება. არა მგონია, ეს მისი ინიციატივა იყოს. ის ბუნებით ზარმაცი ადამიანია და მე მგონია, რომ კუთხეშია მიმწყვდეული. სავარაუდოდ, ეს მარგარიტა სიმონიანის მაქინაციები, მისი ინიციატივაა. მას, ალბათ, არჩევანის საშუალება მისცეს: ან გათავისუფლებთ, ან თქვენ ჩვენთან ერთად იმოქმედე“, — ამბობს ოვსიანიკოვა.

მარინა ოვსიანიკოვა ახლა გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის მუშაობს. ამბობს, რომ უსახლკაროდ დარჩა და ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს.

„მე ბერლინში ვარ, ჩემი შვილები მოსკოვში არიან, მათ ვერ ჩავეხუტები. მოსკოვში ჯერ არ ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაპირებ. აი, ასეთი ვარ ახლა — არც კი ვიცი ვინ ვარ ახლა. ვაგრძელებ, ვიბრძვი, არ ვკარგავ ძალას და ოპტიმიზმს. მშვიდად დავბრუნდები, როცა ეს რეჟიმი დაინგრევა. მანამდე არ ვიცი, სიტუაციის მძევალი ვარ. უფროს ვაჟს თავად არსად წასვლა არ უნდა. უმცროს ქალიშვილს შვებულებაშიც ვერ წამოვიყვან ჩემთად ერთად დროის გასატარებლად, რადგან ბავშვების საზღვარაგეთის პასპორტებს ვადა გაუვიდა. ყოფილ ქმარს არ სურს, ბავშვებს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა მისცეს, არ სურს პასპორტების გაკეთება. რამდენჯერმე დავრეკე და ჩემი შვილის მეშვეობით ვთხოვე პასპორტები, მაგრამ თითის განძრევა არ უნდა“, — ამბობს ოვსიანიკოვა.

ის ყვება, რომ პროტესტის გამო დედამ მოღალატე უწოდა და მას ამ დრომდე არ დალაპარაკებია, ხოლო უფროსი შვილი ძალიან გაბრაზებულია.

„პერიოდულად ვცდილობ ჩემს შვილს დავურეკო, ჩვენი დიალოგი არც თუ ისე კარგად მიდის, რადგან მამა RT-ში მუშაობს და ტვინს, თავის მხრივ, ურეცხავს. ჩემი შვილი ახლა ისეთ რთულ ასაკშია — 17 წლისაა. მას და მამას ჩემ წინააღმდეგ კაცური სოლიდარობა აქვთ ჩემს წინააღმდეგ მიმართული — „დედა მოღალატეა, მთელი ცხოვრება დაგვინგრია“. ჩემი ქალიშვილი 11 წლისაა. ყოველ ჯერზე მეკითხება: „დედა, როდის დაბრუნდები?“. სულ ვეუბნები, რომ ერთ კვირაში. ის ამბობს: „დედა, ერთი კვირა გავიდა და შენ მაინც წახვედი“. ასე ვუკავშირდებით მას. ტირილი მინდა… ჯერ კიდევ ბავშვია. მას, რა თქმა უნდა, რაღაც ესმის, მაგრამ მაინც არ გამოხატავს თავის პოლიტიკურ პრეფერენციებს. მე მისთვის მხოლოდ დედა ვარ, რომელიც მას უყვარს. ის იყო ჩემი კუდი, ერთად დავდიოდით აუზზე, ვარჯიშებზე და კონცერტებზე“, — ამბობს ოვსიანიკოვა.

რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“. მარინა ოვსიანიკოვას პლაკატზე ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“. მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი