ახალი ამბები

ოვსიანიკოვაზე რუსეთში სსკ საქმე აღძრეს, ბინაში ჩხრეკა ჩატარდა – მედია

10 აგვისტო, 2022 •
ოვსიანიკოვაზე რუსეთში სსკ საქმე აღძრეს, ბინაში ჩხრეკა ჩატარდა – მედია

რუსული „პერვი კანალის“ ყოფილ რედაქტორზე, მარინა ოვსიანიკოვაზე, რომელმაც ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მის ბინაში კი ჩხრეკა ჩაატარეს.

ინფორმაცია ამის შესახებ პირველად „OVD Info-მ“ გაავრცელა, რომელიც რუსეთში არსებული დამოუკიდებელი მედიაპროექტია. მათი ცნობით, ჩხრეკა ე.წ. ფეიკების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ კრძალავს და წლობით პატიმრობას ითვალისწინებს.

ოვსიანიკოვას ადვოკატი, დმიტრი ზახვატოვი Meduza-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მას ჯერ არ ჩაბარებია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. თუმცა ვარაუდობს, რომ ის ეხება ოვსიანიკოვას ერთ-ერთ საპროტესტო პიკეტს, რომლის დროსაც ჟურნალისტი იდგა კრემლის წინ, ხიდზე, პლაკატით – „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები“.


რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“.

მარინა ოვსიანიკოვას პლაკატზე ასევე ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“. გარდა ამისა, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს. ამის შემდეგ ჟურნალისტი რუსეთში ადმინისტრაციული წესით ორჯერ დააჯარიმეს “არმიის დისკრედიტაციისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი