ახალი ამბები

მარინა ოვსიანიკოვაზე რუსეთში ფედერალური ძებნა გამოაცხადეს — „მედიაზონა“

4 ოქტომბერი, 2022 • 660
მარინა ოვსიანიკოვაზე რუსეთში ფედერალური ძებნა გამოაცხადეს — „მედიაზონა“

„მედიაზონას“ ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ძებნილთა სიაში შეიყვანა პროპაგანდისტული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელმაც ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა. მანამდე შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აგვისტოში აღიძრა და შინაპატიმრობაც მაშინ მიესაჯა. მას რუსეთის არმიაზე „ყალბი ამბების“ გავრცელებას ედავებოდნენ კრემლის მიმდებარედ ივლისში გამართული აქციის შემდეგ, რომელშიც მხოლოდ თავად მონაწილეობდა პლაკატით:

„პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?“

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოვსიანიკოვა ძებნილთა სიაში შეიყვანეს, დამოუკიდებელმა მედიაპროქტმა “მედიაზონამ”  3 ოქტომბერს გაავრცელა.

მანამდე, ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა და კრემლის მიერ დაფინანსებული RT-ის (Russia Today) თანამშრომელმა იგორ ოვსიანიკოვმა თქვა, რომ მარინა ოვსიანიკოვა 11 წლის ქალიშვილთან ერთად შინაპატიმრობიდან გაიქცა „გაურკვეველი მიმართულებით“.

რუსეთის „პირველი არხის“ ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“, „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

ოვსიანიკოვა მალევე დააკავეს. მის წინააღმდეგ უშუალოდ პლაკატის გამო მაშინ საქმე არ აღძრულა, თუმცა 30 000 რუბლით დააჯარიმეს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს გამო. დაკავებისა და ტელევიზიიდან გათავისუფლების შემდეგ, ოვსიანიკოვამ რუსეთი დატოვა და 3 თვე გერმანული გამოცემისთვის „Die Welt“ იმუშავა.

ივლისის დასაწყისში ოვსიანიკოვამ თქვა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა თავისი 11 წლის ქალიშვილისთვის საბრძოლველად. მისი თქმით, ყოფილმა ქმარმა, რომელიც პროპაგანდისტულ RT-ში მუშაობს, ომის საწინააღმდეგო პროტესტის შემდეგ სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა, რომ ბავშვმა მასთან, მოსკოვში იცხოვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი