ახალი ამბები

ოვსიანიკოვას რუსეთის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

11 აგვისტო, 2022 • 865
ოვსიანიკოვას რუსეთის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ტელეწამყვან მარინა ოვსიანიკოვას, რომელმაც რამდენიმე თვის წინ უკრაინაში ომი გააპროტესტა, შინაპატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ გადაწყვეტილება 11 აგვისტოს გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რუსული „პერვი კანალის“ ყოფილ რედაქტორზე, მარინა ოვსიანიკოვაზე, რომელმაც ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მის ბინაში კი ჩხრეკა ჩაატარეს.

ინფორმაცია ამის შესახებ პირველად OVD Info-მ გაავრცელა, რომელიც რუსეთში არსებული დამოუკიდებელი მედიაპროექტია.

მათი ცნობით, ჩხრეკა ე.წ. ფეიკების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ კრძალავს და წლობით პატიმრობას ითვალისწინებს.

„მედიაზონის“ ცნობით, საქმე ეხება ოვსიანიკოვას ერთ-ერთ საპროტესტო პიკეტს, რომლის დროსაც ჟურნალისტი იდგა კრემლის წინ, ხიდზე, პლაკატით – „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები“.

მას 9 ოქტომბრამდე მოუწევს შინაპატიმრობაში ყოფნა.


მარინა ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“.

მარინა ოვსიანიკოვას პლაკატზე ასევე ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

გარდა ამისა, ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

ამის შემდეგ ჟურნალისტი რუსეთში ადმინისტრაციული წესით ორჯერ დააჯარიმეს „არმიის დისკრედიტაციისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი