ახალი ამბები

რიგები თბილისის აეროპორტში — რა იწვევს ქაოსს

17 ოქტომბერი, 2022 • 911
რიგები თბილისის აეროპორტში — რა იწვევს ქაოსს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რამდენიმე დღეა, ხალხმრავლობაა, რაც ქაოსურ მოძრაობასა და რიგების პრობლემას იწვევს.

ხალხმრავლობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია ქუთაისის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფონზე, იქაური ფრენების თბილისში გადმოტანით.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ “აეროპორტში შეფერხებები არ არის იქ, სადაც აეროპორტის პერსონალია ჩართული”.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი ნეტგაზეთს უყვება, მგზავრთა ნაკადი არის, თუმცა მეტ-ნაკლებად ორგანიზებულია ესკალატორთან, რომლის მეშვეობითაც თბილისიდან სხვადასხვა ქალაქისკენ მიმავალი მგზავრები აეროპორტის მეორე სართულზე ადიან. სწორედ იქ მოწმდება მათი პასპორტები და და ბარგის უსაფრთხოება.

თუმცა, ამავე მგზავრის თქმით, განსაკუთრებული ხალხმრავლობა და ქაოსია თბილისში ჩამოსული რეისების მგზავრთა შემთხვევაში.

იმის გათვალისწინებით, რომ აეროპორტში რიგები დიდწილად უსაფრთხოებისა და სასაზღვრო კონტროლზე იქმნება, „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც ვკითხეთ, რა ხდება თბილისის აეროპორტში და რა კეთდება ქაოსის აღმოსაფხვრელად.

უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ფოტო: გიორგი კლდიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი