ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თბილისის და ბათუმის აეროპორტებში $500 მილიონამდე ინვესტიციას ველოდებით

12 დეკემბერი, 2022 •
ღარიბაშვილი: თბილისის და ბათუმის აეროპორტებში $500 მილიონამდე ინვესტიციას ველოდებით

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია 400-500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დამკვიდრებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მთავრობას სურს როგორც თბილისში, ასევე ბათუმის აეროპორტში ბიზნეს ავიაციის და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება განვითარდეს, აშენდეს ახალი ტერმინალები:

„თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნილ სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე მაგარი, ძლიერი გამართული ინფრასტრუქტურა თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით… ახალი ტერმინალების აშენება გვინდა მოხდეს. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შეგატყობინებთ, მაგრამ 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას ველოდებით თბილისის და ბათუმის აეროპორტებში. ქუთაისში გვაქვს ხედვა, შეიძლება დამატებით კარგო მიმართულება განვითარდეს და ჯამში სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი