ახალი ამბები

ვაკის პარკში მომხდარზე გამოკითხვები მთელი ღამე მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება — შსს

14 ოქტომბერი, 2022 •
ვაკის პარკში მომხდარზე გამოკითხვები მთელი ღამე მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება — შსს

13 ოქტომბერს ვაკის პარკში  მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის  სამმართველოში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციაში ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკრეტულად ვინ იმყოფება ამჟამად საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე, შსს-ში არ აკონკრეტებენ. თუმცა ცნობილია, რომ გუშინ, 13 ოქტომბერს, გამოკითხვაზე მივიდნენ კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები და დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.  დასრულდა თუ არა მათი გამოკითხვა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ გვიდასტურებენ.

გარდა მერიისა და კონტრაქტორი კომპანიის თნამშრომლებისა, შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, მისი ორი თანატოლი კი დაშავდა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი