ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შემიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
ჯაბა სამუშია თსუ-ს პროფესორი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელია.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე დასრულდა.
სამუშიას განაცხადს საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.
გიორგი შარვაშიძის მიერ რექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობა ნეტგაზეთმა 7 ოქტომბერს გაავრცელა, რაც მალევე თავადვე დაადასტურა.
იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით – 2020 წელს აირჩა.
შარვაშიძის მიერ თანამდებობი დატოვების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯაბა სამუშია მონაწილეობას თსუ-ს რექტორის შესარჩევ კონკურსში აპირებდა.
აპირებს თუ არა ჯაბა სამუშია მონაწილეობას თსუ-ს რექტორის შესარჩევ კონკურსში