ახალი ამბები

ვაკის პარკში მომხდარზე გამოკითხვები მიმდინარეობს – შს მინისტრის მოადგილე

13 ოქტომბერი, 2022 • 593
ვაკის პარკში მომხდარზე გამოკითხვები მიმდინარეობს – შს მინისტრის მოადგილე

ვაკის პარკში 13 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს, 13 ოქტომბერს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.

დარახველიძის თქმით, ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი