ახალი ამბები

ბავშვები სკოლაში არ გამოცხადდნენ, რაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა — მინისტრის მოადგილე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

13 ოქტომბერი, 2022 • 808
ბავშვები სკოლაში არ გამოცხადდნენ, რაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა — მინისტრის მოადგილე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის თქმით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გაკვეთილებს დილიდან აცდენდნენ. ამის შესახებ მან დღეს, 13 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა მას შემდეგ, რაც ერთი მოზარდი დაიღუპა და ორი დაშავდა.

მისი თქმით, დამრიგებელმა მშობლებს საერთო ჩატის მეშვეობით შეატყობინა, რომ მათი შვილები გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ.

„ის ვალდებულება, რომელიც აქვს სკოლას, როცა ბავშვი არ ცხადდება გაკვეთილებზე, დამრიგებელმა შეასრულა: მშობლებს საერთო ჩატით შეატყობინა, ისინი ინფორმირებულნი იყვნენ, რომ ბავშვები სკოლას აცდენდნენ“, — განმარტა მახარაშვილმა, რომელმაც ასევე მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს.

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, მათთან მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ აქვს და კონტაქტურია.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთისა ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი