ახალი ამბები

მართვით სუნთქვაზეა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა — კლინიკა

13 ოქტომბერი, 2022 •
მართვით სუნთქვაზეა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა — კლინიკა

მართვით სუნთქვაზეა მოზარდი, რომელსაც დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. ამის შესახებ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტლის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთისთვის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას კვლევები უტარდება:

“ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის.

ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე, გონება დაბინდული აქვს. მოსალოდნელი გართულებები ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მინიმუმ, 72 საათი”,— თქვა ცაბაძემ.

მისი განცხადებით, მოზარდი თავდაპირველად ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ელექტროტრავმით, შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს, რის შემდეგაც ის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, მათთან მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ აქვს და კონტაქტურია.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთისა ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი