ახალი ამბები

ამილახვრის ბოდიში და ბრალდება ჟურნალისტის „კითხვის კონტექსტს“

13 ოქტომბერი, 2022 •
ამილახვრის ბოდიში და ბრალდება ჟურნალისტის „კითხვის კონტექსტს“

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი განმარტავს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაკის პარკში ბავშვებისთვის დენის დარტყმის შესახებ.

ის ბოდიშს უხდის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა. დეპუტატის თქმით, ჟურნალისტის კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე შეექმნა აღქმა, რომ ბავშვებს დენმა სამშენებლო მოედნის არეალში დაარტყა.

დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა

„ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების შესახებ.

დეპუტატის განმარტება

გიორგი ამილახვარმა მის მიერ გაკეთებული განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა.

„ალბათ, ახლა არავინ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა, ერთი რამ განმარტო — თუ რამე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო პირველ რიგში ჭირისუფალი ოჯახის და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ანუ სამშენებლო მოედანია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი, თუ ასეთი სიმძიმის იყო. ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა იყოს რაღაც ასეთი რისკები და მეთყვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი“, — განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, „ეს ამბავი თურმე ხდება უკვე ახლად გახსნილ შადრევანზე“.

„აქ კომენტარიც ზედმეტია. არათუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრწუნებული ვარ, ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ რაც მინდა ვთქვა, მერე რაც მოჰყვა ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინაროებს, სრულიად გაუგონარია. ეს უფრო მაღშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის, მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე. სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის მერე ხდება ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება. აქ უდავოა, ნებისმიერი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ნაწილში, სრული კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში მინდა, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან მსგავსი არაფერი არასდროს მიგულისხმია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გამოვაქვეყნებთ, ჟურნალისტმა რა კონტექსტში მკითხა ეს, რომ სამშენებლო… ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია იქ და ჩემი აღქმით და წარმოდგენით ეს იყო სამშენებლო მოედანზე, სამშენებლო არეალში ხდება ეს და რაღაცნაირად ბავშვი მოხვდა იქ და მერე შესაძლებელია, ასეთი რამე მომხდარიყო… თურმე ხდება იქ, სადაც ხდება, ამაზე საერთოდ ინფორმირებული არ ვიყავი და გულითადად განვიცდი“, — განაცხადა ამილახვარმა.

გარდაცვლილის ოჯახის და საზოგადოების გარდა, გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოუხადა კოლეგებს.

ჟურნალისტის კითხვა

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ჟურნალისტის კითხვის კონტექსტიდან გამომდინარე შეექმნა აღქმა, რომ ბავშვებს დენმა დაარტყა სამშენებლო არეალში. სინამდვილეში ჟურნალისტის კითხვაში ჩანდა, რომ შემთხვევა შადრევანში მოხდა.

გთავაზობთ კითხვა-პასუხს სრულად:

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი: აუცილებლად უნდა გკითხოთ სკოლის მოსწავლეებზე. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ხართ და გვაინტერესებს თქვენი პოზიცია. ვაკის პარკის ფანტანთან სკოლიდან ბავშვები სეირნობდნენ, მერვეკლასელები. ჩაუვარდათ ბურთი. იქ ჩახტა გოგონა და დენმა დაარტყა, თუმცა ექიმების მუშაობის შედეგად ის ახლა კარგად არის. ჩვენი ინფორმაციით, ამ ბავშვის გადასარჩენად სხვა ბავშვებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ზოგადად, მსგავსი საფრთხეები… გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

გ.ამილახვარი: სერიოზულად მეკითხებით?

ჟურნალისტი: კი, სერიოზულად გეკითხებით, იმიტომ, რომ ბავშვების სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას იმის გამო, რომ რაღაც შეიძლება მოუწესრიგებელი იყოს.

გ.ამილახვარი: რეკონსტრუქციის დროს…

ჟურნალისტი: არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში, როდესაც სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების ის წესები დაცული, რომ სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას? მარტივი ამბავია…

გ.ამილახვარი: გავიგე, კითხვა გავიგე… ნუ იბნევი ახლა. ახლა მომისმინე კარგად, კიდევ კარგი, სხვებიც არიან…

ჟურნალისტი: სერიოზულად გეკითხებით.

გ.ამილახვარი: რას მეკითხები სერიოზულად? ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიდინარეობს რეკონსტრუქცია და, ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება — არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?

ჟურნალისტი: დიახ. უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს თუ არა იქ ისეთი, რომ ბავშვს ბურთი არ ჩაუვარდეს და ბავშვები იქ არ ჩავარდნენ და დენმა არ დაარტყას.

გ.ამილახვარი: ცხადია, უნდა იყოს, მაგრამ… სად, როცა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს?

ჟურნალისტი: როცა რეკონსტრუქცია მიმდინარობს, უსაფრთხოების ზომები დაცულია?

გ.ამილახვარი: კი, უნდა იყოს და რა შუაში იყო ახლა ეს განათლებასთან და ბავშვებთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ხარო…

ჟურნალისტი: მინდოდა ყურადღება მიმექცია, რომ კითხვაზე პასუხი გაგეცათ, უსაფრთხოების ზომები არის თუ არა დაცული.

გ.ამილახვარი: გავიგე, თვითონ არ იცი საკითხის არსი და რაღაცა მოგწერეს და მეკითხები. იქ, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, საერთოდ არ შეიძლება, ბავშვები თამაშობდნენ ბურთს. ასეთი რამე თუ მოხდა, ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბავშვს ჩაუვარდა ბურთი და შემდგომ თვითონ ჩავიდა ამოსაღებად, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ამაზე, მე მგონია, განმარტება ზედმეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი