ახალი ამბები

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები თსუ-ში

11 ოქტომბერი, 2022 • 904
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კანცლერმა ლაშა საღინაძემ მეორე სასწავლო კორპუსი დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და 19 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი სრულად აღდგა.

მეორე კორპუსის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 27 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. კორპუსი სარემონტო სამუშაოების შედეგად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  ამასთან, თსუ რექტორი და კანცლერი გაეცნენ პროექტებს, რომლებიც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახავს. 

„მეორე კორპუსის რეკონსტრუქცია სრულად დასრულდა. საკმაოდ დიდი პროექტი იყო და საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. გარემონტდა დაახლოებით 25 ათასი კვადრატული მეტრი, აღდგენილია ყველა აუდიტორია, ლაბორატორია, ქიმიის, ფიზიკის, ოპტიკის და სხვა ლაბორატორია. სტუდენტებისთვის შეიქმნა სოციალური სივრცეები,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 

2022 წელს განხორციელდა არაერთი სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტი. თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, სასწავლო წლის დაწყებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეათე, ე.წ. მაღლივი კორპუსის მეორე სართულს, მერვე კორპუსის ფოიეს და პირველ სართულს, მეთერთმეტე კორპუსის ფასადსა და კიბეებს, საგამოცდო ცენტრს, სადაც სტუდენტური სივრცეებიც მოეწყო. „სხვადასხვა სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორის არის ბაგების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომლის ფარგლებშიც სამზარეული სივრცეები ეწყობა ყველა სართულზე და რეაბილიტაცია უტარდება სველ წერტილებს. მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა კორპუსებსაც უტარდებათ და მომავალი წლისთვისაც ამ პროცესს გავაგრძელებთ,“- აღნიშნა ლაშა საღინაძემ. 

თსუ კანცლერმა სტუდენტებისთვის შექმნილ ახალ სოციალურ სივრცეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა სასწავლო კორპუსში უკვე მოეწყო სტუდენტური სივრცეები და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება,  მომავალი წლიდან კი დაიწყება ყველა სასწავლო კორპუსთან არსებული ეზოების კეთილმოწყობა არსებული პროექტების შესაბამისად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი