ახალი ამბები

რუსეთმა “მეტა” და “ვიესნა” ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

11 ოქტომბერი, 2022 •
რუსეთმა “მეტა” და “ვიესნა” ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთმა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანია “მეტა” და სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული პროდემოკრატიული მოძრაობა “ვიესნა” ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჩართული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ხსენებული გადაწყვეტილება რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (იგივე „როსინფომონიტორინგი“) მიიღო.

მოსკოვის სასამართლომ “მეტა” ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გამოაცხადა “ექსტრემისტულ ორგანიზაციად”. ამ მოთხოვნით მას რუსეთის გენერალურმა პროკურორმა მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა “მეტას” გადაწყვეტილება მოდერაციის წესების შეცვლის შესახებ. კერძოდ, კომპანიამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს რამდენიმე ქვეყანაში სიძულვილის ენის გამოყენების ნება დართო რუსი ჯარისკაცებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ასევე, ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ.

იმავე თვეში რუსეთში დაიბლოკა როგორც “ფეისბუკი”, ისე – “ინსტაგრამი”.

მოძრაობა “ვიესნა”, რომელიც “როსინფომონიტორინგმა” ასევე შეიყვანა ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციათა სიაში, წარმოადგენს პროდემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 2013 წელს დაფუძნდა.

მოძრაობა პირველივე დღიდან ეწინააღმდეგება ომს უკრაინის წინააღმდეგ. ის იყო აქციების ორგანიზატორი როგორც ომის დასაწყისში, ისე სექტემბერში, როცა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

მოძრაობის “ექსტრემისტულად” აღიარებას სანქტ-პეტერბურგის პროკურატურა ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი