ახალი ამბები

პუტინი პირველად ჩავა ქვეყანაში, რომელსაც მისი დაკავების ვალდებულება აქვს

30 აგვისტო, 2024 •
პუტინი პირველად ჩავა ქვეყანაში, რომელსაც მისი დაკავების ვალდებულება აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ პუტინი მონღოლეთში ჩავა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის, იგივე ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავებაზე ორდერი აქვს გამოცემული, წევრი ქვეყნები კი ვალდებული არიან სასამართლოს აღნიშნული განკარგულება აღასრულონ, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „სანერვიულო არაფერია“.

აღნიშნული განცხადება პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, კრემლს „კარგი დიალოგი ჰქონდა მის მეგობრებთან მონღოლეთიდან და ვიზიტის ყველა ასპექტი დიდი სიფრთხილითაა მომზადებული“.

ოფიციალური ინფორმაციით, პუტინი მონღოლეთში 3 სექტემბერს ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით ჩავა და დაესწრება საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის ხალხინ-გოლის ბრძოლაში იაპონიის არმიაზე გამარჯვების 85 წლისთავისათმი მიძღვნილ ღონისძიებას.

აღნიშნული ვიზიტი პუტინისთვის პირველი იქნება, ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც რომის სტატუტი აქვს რატიფიცირებული.

მონღოლეთი რომის სტატუტს 2000 წელს შეუერთდა, 2002 წელს კი მისი რატიფიცირება მოახდინა. როგორც BBC წერს, იმ შემთხვევაშიც თუ მონღოლეთი პუტინის დაკავებას გადაწყვეტს, ქვეყანა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთს ესაზღრვრება და ამ ჰიპოთეტურ სცენარშიც კი გაუჭირდება მისი ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემა.


ჰააგის სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე. მას ადანაშაულებენ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში. ქვეყნები, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტი, ვალდებულნი არიან, პუტინი დააკავონ, თუ იგი მათ იურისდიქციაში აღმოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი