ახალი ამბები

პრემიერის განცხადებებმა თქვენც შეგარცხვინათ, მაგრამ მე გამოვხატე – ლომჯარია უმრავლესობას

7 ოქტომბერი, 2022 • 1300
პრემიერის განცხადებებმა თქვენც შეგარცხვინათ, მაგრამ მე გამოვხატე – ლომჯარია უმრავლესობას

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, რას გულისხმობდა, როდესაც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თქვა, რომ რცხვენოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო. მან უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა:

„დარწმუნებული ვარ, ამ [პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო] განცხადებებმა თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება, მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა“.

2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2 დღეში, პრემიერის განცხადების ფონზე ლომჯარიამ თქვა:

„ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით“.

7 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას, ნინო ლომჯარიას რამდენიმე დეპუტატმა დაუსვა კითხვა ამ საკითხზე, – და თქვეს, რომ მასაც, ოპოზიციის მსგავსად, „ომი უნდა“.

„რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ომი. ეს განცხადება, – რაც ნამდვილად იყო ჩემი ემოციური მდგომარეობის გამოხატულება, – იყო ძალიან მალე მას შემდეგ, რაც უკრანაში დაიწყო ომი, ყველანი ვიყავით ძალიან აღელვებული; გაგვახსენდა ის ტრავმა, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიღებული გვაქვს არაერთგზის რუსული აგრესიისა და რუსული თავდასხმის შედეგად ქვეყანაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები სოლიდარულნი იყვნენ უკრაინელი მოქალაქეებისა და უკრაინის სახელმწიფოსადმი: „გვსურდა, ჩვენს ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი არის უკრაინაში და ეს მას არ ეხება, თავისი საქმე აქვს, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა რაღაცის გამო, – არც ვიცი, რის გამო“, – თქვა ომბუდსმენმა.

„მახსოვს განცხადებები და თავდასხმები იმ დროს ევროკავშირის პარლამენტის წევრებზე: თურმე ევროკავშირს უნდოდა ომი და არა რუსეთს, და ევროკავშირი და ამერიკა იყვნენ ამაში მთავარი დამნაშავეები; რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში, სირცხვილის გრძნობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

„იმ დროს, როცა მთელი ქართული საზოგადოება ემოციურად სოლიდარული იყო უკრაინის მიმართ, დიდი ნაწილისთვის უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ასევე იყო ქართველთა ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, პრემიერი აცხადებდა, რომ ეს არ იყო მისი საქმე, ომი უკრაინაში იყო და მას თავისი საქმე ჰქონდა… სულ მცირე, რაც მინდოდა, უმაღლესი თანამდებობის პირებს ასეთი განცხადებები არ გაეკეთებინათ. ეს იქნებოდა უკეთესი“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდებოდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს „ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, საქართველოს წინაშე „არავითარი საფრთხე არ დგას“, უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“, უკრაინაში ომის გამჩერებელი არავინ არის, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი არაეფექტურია და ა.შ.

მის ამ განცხადებებს მოსკოვში დადებითად გამოეხმაურნენ. „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა”, – დაწერა მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერზე.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი