ახალი ამბები

პუტინის მობილიზაციას გაქცეულმა ორმა კაცმა რუსეთიდან ალასკამდე ნავით გაცურა

7 ოქტომბერი, 2022 • 1347
პუტინის მობილიზაციას გაქცეულმა ორმა კაცმა რუსეთიდან ალასკამდე ნავით გაცურა

რუსეთის მოქალაქე ორმა კაცმა რუსეთის ტერიტორიიდან მცირე ზომის ნავით ბერინგის ზღვა გადაცურა და აშშ-ის შტატ ალასკაში თავშესაფარი მოითხოვა.

ინფორმაცია მედიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შტატის სენატორმა დენ სალივანმა მიაწოდა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, რუსეთიდან გამოქცეულმა კაცებმა მცირე ზომის ნავით ჩააღწიეს სენტ ლოურენსის კუნძულამდე, გემბელის დასახლებამდე. აღნიშნული კუნძული რუსეთის სახმელეთო ნაპირიდან 56 კილომეტრით არის დაშორებული და კარგ ამინდში აქ მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის დანახვაც კი შეუძლიათ.

თუმცა რუსეთიდან გამოქცეულებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრეს, რომ მათ მცირე ზომის ნავით რუსეთის ქალაქ ეგვეკინოტიდან გამოცურეს და ჯამში, 450 კილომეტრი გაიარეს ამერიკის უახლოეს სანაპირომდე ჩასაღწევად. კაცები აშშ-ის სანაპირო დაცვამ დააკავა, რა დროსაც მათ განაცხადეს, რომ პუტინის გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცნენ და აშშ-ში თავშესაფარს ითხოვდნენ. აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით დაიწყო შესაბამისი პროცედურები.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომრად წაყვანის მიზნით რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც სამხედრო ასაკის ასიათასობით კაცმა რუსეთი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი