ახალი ამბები

ირანში ძალოვნებმა მომიტინგის ცხედარი გაიტაცეს და მალულად დამარხეს — BBC

5 ოქტომბერი, 2022 • 860
ირანში ძალოვნებმა მომიტინგის ცხედარი გაიტაცეს და მალულად დამარხეს — BBC

ირანის უსაფრთხოების ძალებმა 16 წლის დემონსტრანტის ცხედარი გაიტაცეს და სოფელში საიდუმლოდ დამარხეს. აღნიშნულის შესახებ BBC-ის სპარსულენოვან ბიუროს დაღუპულის ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს.

ტელეკომპანიის წყაროების თანახმად, ოჯახი ნიქა შაქარამის დაკრძალვას ორშაბათისთვის გეგმავდა, თუმცა ძალოვნებმა ცხედარი გაიტაცეს და 40 კმ-ის დაშორებით, ერთ-ერთ სოფელში დამარხეს.

შაქარამი 10 დღის მანძილზე იყო დაკარგული 20 სექტემბრის შემდეგ, როცა თეირანში გამართულ საპროტესტო აქციაზე გავიდა.

როგორც დაღუპულის დეიდამ BBC-ის სპარსულენოვან ბიუროსთან საუბრისას აღნიშნა, მეგობრისთვის გაგზავნილ უკანასკნელ შეტყობინებაში ნიქა ამბობდა, რომ უსაფრთხოების ძალებს გაურბოდა.

საბოლოოდ, ოჯახმა ნიქა თეირანში, დაკავების ცენტრთან არსებულ მორგში იპოვა.

“როცა მივედით მის ამოსაცნობად, არ მოგვცეს საშუალება, [ნიქას] ცხედარი გვენახა; მხოლოდ მისი სახე, რამდენიმე წამით”, — დასძენს დაღუპულის დეიდა, ათაშ შაქარამი.

16 წლის გოგოს ცხედარი მამამისის მშობლიურ ქალაქ ხორამაბადში გადაასვენეს კვირას, მის მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე. ის იქვე უნდა დაეკრძალათ.

თუმცა, წყაროების მიხედვით, უსაფრთხოების ძალებმა მისი ცხედარი “მოიპარეს” და სოფლად დამარხეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ეს მოხდა ოჯახის თანხმობის მიუხედავად, რომ არ გამართავდა დაკრძალვის ცერემონიას და ნიქას დასაფლავებას მხოლოდ ნათესავები დაესწრებოდნენ.

ხორამაბადის სასაფლაოსთან — იქ, სადაც BBC-ის ცნობით დაღუპულის დაკრძალვა იგეგმებოდა — შეიკრიბა ასობით ადამიანი, რომლებიც ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათ შორის იყო ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო შეძახილი “სიკვდილი დიქტატორს”.

დაღუპული გოგოს დეიდა ათაშ შაქარამი, რომელიც ნიქას შესახებ სოციალურ მედიაში წერდა, კვირას, მის სახლში უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ დააკავეს. წყაროს ცნობით, უსაფრთხოების ძალები  ათაშის მოკვლით დაიმუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მისი ოჯახის რომელიმე წევრი პროტესტს შეუერთდებოდა.

ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ერთ-ერთი პირველი წერტილი, სადაც გაბრაზებულმა მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს, ამინის მშობლიური ქალაქი საყეზი იყო. ეს სწორედ დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა. მაშინ მგლოვიარეები ადრიანად შეიკრიბნენ, რათა არ მიეცათ საშუალება პოლიციისთვის, მალულად დაეკრძალა ქალი.

ირანის ხელისუფლებას აქამდეც გამოუყენებია დაღუპული დემონსტრანტების ცხედრები მათი ოჯახების გასაჩუმებლად.

ამის მაგალითია კიდევ ერთი დემონსტრანტი, 22 წლის ჰადის ნაჯაფი, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა თეირანთან ახლოს მდებარე ქალაქ ქარაჯში 21 სექტემბერს გასროლით მოკლეს.

BBC-ის თანახმად, ჰადისის დები ამბობენ, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში და კისერში ესროლეს, ასევე გამოიყენეს ფრინველებზე სანადირო საფანტის ტყვია. ტელეარხის თანახმად, გავრცელდა მისი ცხედრის ორი ფოტო, რომლებზეც საფანტის ტყვიით მიყენებული ჭრილობები ჩანს.

“ცხედარს ორი დღის განმავლობაში არ უბრუნებდნენ და მამამისს სთხოვდნენ, ეთქვა, რომ [მისი ქალიშვილი] შიშით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა”, — უთხრა ორმა წყარომ BBC-ის სპარსულენოვან ბიუროს.

უკანასკნელ ვიდეოშეტყობინებაში, რომელიც ჰადისმა მეგობრებს გაუგზავნა, ის ამბობს:

“ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში, როცა უკან მოვიხედავ, ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა”.

ოჯახის განცხადებით, ჰადის ნაჯაფი ხსენებული ვიდეოს ჩაწერიდან დაახლოებით ერთ საათში დაიღუპა.

მიუხედავად მზარდი რეპრესიებისა, ირანში მესამე კვირაა გრძელდება ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პროტესტი წლების განმავლობაში.

ამავე თემაზე:

ცემა, სროლა, დაკავებები — როგორ დაარბიეს სტუდენტები თეირანში

ესაა ქალების რევოლუცია, კაცები მათ ეხმარებიან — დემონსტრანტის ნაამბობი ირანიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი