ახალი ამბები

ცემა, სროლა, დაკავებები — როგორ დაარბიეს სტუდენტები თეირანში

4 ოქტომბერი, 2022 • 797
ცემა, სროლა, დაკავებები — როგორ დაარბიეს სტუდენტები თეირანში

“გთხოვ, გადაგვარჩინე. გაჭედილები ვართ. ისინი გვესვრიან”, — უთხრა ფარიდს ატირებულმა მეგობარმა, რომელმაც დახმარების თხოვნით დაურეკა მაშინ, როცა თეირანის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტებს არბევდნენ.

შარიფის უნივერსიტეტში, რომელიც განსხვავებული აზრის ერთ-ერთ კერადაა მიჩნეული, დრამატული პროცესები კვირას, 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, სტუდენტთა პროტესტის შემდეგ განვითარდა. თვითმხილველი CNN-ს უყვება, რომ ძალოვნები სცემდნენ, ესროდნენ და ძალადობრივად აკავებდნენ ახალგაზრდებს.

ეს იყო გაგრძელება ირანის ხელისუფლების მცდელობისა, ჩაახშოს მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც, მიუხედავად აქციებზე დაღუპულთა რიცხვის ზრდისა და უსაფრთხოების ძალების სიხისტისა, მესამე კვირაა, არ წყდება.

“ეს იყო საომარი ზონა”

ფარიდის თქმით, ძალადობისა და “სიველურის” სცენები დახვდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის კამპუსს მიაღწია. ვიდეოების მიხედვით, სამთავრობო “რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წევრებს სტუდენტები მომწყვდეული ჰყავდათ კამპუსის ავტოსადგომზე.

“მათ ჰქონდათ იარაღი, ჰქონდათ არალეტალური იარაღი, ჰქონდათ ხელკეტები… იყენებდნენ გაზებს… [რომლებიც] საერთაშორისო დონეზეა აკრძალული. ეს იყო საომარი ზონა, ყველგან სისხლი”, — ეუბნება ის CNN-ს.

სტუდენტებისთვის 2 ოქტომბერი სასწავლო წლის დასაწყისი იყო, თუმცა ბევრი მათგანი, ლექციებზე დასწრების ნაცვლად, ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პროტესტს შეუერთდა, რომელიც ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ.

ფარიდი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კამპუსის დაცვამ სტუდენტებს საპროტესტო აქციის მოწყობისა და რეჟიმის საწინააღმდეგო სლოგანებისთვის უსაყვედურა.

“ეს დაიწყო იმით, რომ სტუდენტებმა უარი თქვეს ლექციებზე შესვლაზე. ამის შემდეგ მეცნიერების [პროფესორი] მივიდა მათთან სალაპარაკოდ, რადგან [სლოგანებს] სკანდირებდნენ”, — აღნიშნავს ის.

ფარიდი ყვება, რომ სტუდენტები უნივერსიტეტის დაცვამ გაიყვანა, შემდეგ კი შეაჩერეს “რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ძალებმა, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

“[გუშაგთა კორპუსის ძალებმა] უთხრეს მათ: “თუ რკინიგზის სადგურს მიუახლოვდებით, სროლას დავიწყებთ. დაბრუნდით უნივერსიტეტში”. ამის შემდეგ სტუდენტთა ნახევარი უნივერსიტეტში დაბრუნდა, დანარჩენებს საშუალება მისცეს, საპარკინგე სივრცეში შესულიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ კი, მათ დაიწყეს სროლა არალეტალური იარაღიდან და [სტუდენტების] დაკავება ძალიან, ძალიან ველური მეთოდით”, — ყვება ის.

უნივერსიტეტის ოფიციალური გაზეთი Sharif Daily ასევე იტყობინება, რომ უსაფრთხოების ძალები არალეტალურ ტყვიებს ესროდნენ სტუდენტების დიდ ჯგუფებს კამპუსის ავტოსადგომზე, როდესაც ახალგაზრდები მათგან გაქცევას ცდილობდნენ.

CNN-ის რესპონდენტის თანახმად, უსაფრთხოების ძალები ესროდნენ სამ მთავარ საერთო საცხოვრებელსაც. ინტერვიუს ჩაწერის მომენტში[მასალა 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა] ფარიდი ამბობდა, რომ კვირას განვითარებული პროცესების შემდეგ ზოგიერთი სტუდენტი კვლავაც აფარებდა თავს უნივერსიტეტის შენობას — ავტოსადგომსა და პროფესორების კაბინეტებს.

ფარიდი აღნიშნავს იმასაც, რომ ბევრი პროფესორი ცდილობდა, დახმარებოდა სტუდენტებს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც სროლის ხმა ისმის, შეშინებული სტუდენტები კი ცდილობენ, დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე. სხვა კადრები სტუდენტების დაკავების პროცესს ასახავს, ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით კი, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია ესროლა მანქანის მინას, საიდანაც დაკავების პროცესს იღებდნენ.

თუმცა აღნიშნული კადრები, სავარაუდოდ, მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენებს ძალადობას, რომელიც სტუდენტებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს 2 ოქტომბერს.

მას შემდეგ, რაც სტუდენტებისადმი ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მოქალაქეები უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. სოციალურ მედიაში ხმიანდებოდა მოწოდებები სტუდენტების დახმარების შესახებ, მათ შორის იყო მოწოდება: “არ დაანებოთ უსაფრთხოების ძალებს სტუდენტების მკვლელობა და დაპატიმრება”.

Iran International-ის მიხედვით, “ადამიანები ცდილობდნენ, გაეძლიერებინათ ზეწოლა უსაფრთხოების ძალებზე კამპუსის მიმდებარე გზის გადაკეტვით, ავტომანქანებიდან სიგნალებითა და სლოგანების ყვირილით”.

მოგვიანებით პოლიციამ უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზები გადაკეტა.

შარიფის უნივერსიტეტის “ისლამურმა ასოციაციამ” მოუწოდა უნივერსიტეტების პროფესორებსა და სტუდენტებს ირანის გარშემო, სოლიდარობის ნიშნად უარი ეთქვათ ლექციების ჩატარებასა და მოსმენაზე.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA შარიფის უნივერსიტეტში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 37 დაკავებული სტუდენტიდან 30 გაათავისუფლეს.

ხელისუფლების ძალადობისა და შარიფის უნივერსიტეტში განვითარებული პროცესების ფონზე, სასწავლო დაწესებულებებში პროტესტი არ გაჩერებულა. კადრების მიხედვით, საპროტესტო აქტივობები გრძელდება როგორც უნივერსიტეტებში, ისე სკოლებში.

როგორც CNN წერს, ანალიტიკოსებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის მთავრობა, რომელიც გარე ძალებს ადანაშაულებს პროტესტის გაღვივებაში, დათმობებზე წავა. თუმცა, ფარიდის თქმით, მას და მის თანამოქალაქეებს არ ეშინიათ, ამბობენ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ:

“ეს შორს არის დასასრულისგან. ჩვენ არ გვეშინია. აღშფოთებული ვართ, გაბრაზებული ვართ. იცით, ეს ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ წინა თაობა ვართ — რომ თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ უბრალოდ გავჩერდებით. გაჩერებას არ ვაპირებთ”.

საპროტესტო აქციები ირანში

მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რიცხვი იზრდება, ხელისუფლება კი ცდილობს, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა ტიპის ტყვიებით — მათ შორის, უფლებადამცველებისა და ვიდეოების თანახმად, ცეცხლსასროლი ტყვიებით — ჩაახშოს პროტესტი, ირანში დემონსტრაციები არ წყდება 16 სექტემბრიდან დღემდე.

ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის “Iran Human Rights” 2 ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, მოკლულია 133 ადამიანი, მათ შორის 40 პირი დაიღუპა გასულ კვირას, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ზაჰედანში მომხდარი შეტაკებების შედეგად.

სახელმწიფო მედიის თანახმად, ზაჰედანში 20 ადამიანი დაიღუპა და ამაში დამნაშავეა სეპარატისტული ჯგუფი ბელუჯების უმცირესობიდან, რომელთაც, მათი ცნობით, ცეცხლი გახსნეს.

ირანის ხელისუფლება, რომელიც დაღუპულთა რიცხვს არ ახმიანებს, უსაფრთხოების ძალების მრავალი წევრის მკვლელობაზე საუბრობს და მიანიშნებს  “მეამბოხეებისა და ავაზაკების” ბრალეულობაზე, რომლებსაც “უცხოელი მტრები უჭერენ მხარს”.

საპროტესტო აქციებზე ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში. როგორც BBC წერს, დემონსტრაციების ტალღა ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა წლების განმავლობაში.

სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ პროტესტის მონაწილე ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.

გამოსახულებები ვიდეოებიდან, რომლებშიც ჩანან, როგორ ცდილობენ ირანელი სტუდენტები, გააღონ ისპაჰანის უნივერსიტეტის ჭიშკარი 2 ოქტომბერს. ფოტო: AFP 

პროტესტი მრავალგზის ხასიათდება დაპირისპირებით უსაფრთხოების ძალებთან, რომლებიც დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობენ:

გასულ პერიოდში დემონსტრანტებმა დაწვეს პოლიციის მანქანები და განყოფილებები, გაანადგურეს და დააზიანეს ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერები. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები, მათ შორის, “სიკვდილი დიქტატორს” და “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას”, ასევე, შეძახილი “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International” ასობით დაშავებულისა და ათასობით დაკავებულის შესახებ იუწყება. დაკავებულებს შორის არიან ცნობილი სახეები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერენ პროტესტს.

მაჰსა ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

არსებობს ცნობები, რომ პოლიციამ ამინი თავში ხელკეტით სცემა და ავტომობილზე მიარტყმევინა თავი. პოლიცია ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ ქალს “გულის უეცარი უკმარისობა” დაემართა.

თავის მხრივ, მაჰსა ამინის ოჯახში ამბობენ, რომ ის ჯანმრთელი იყო. გარდაცვლილის მამის, ამჯად ამინის თქმით, ქალს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

ამჯად ამინი BBC-ს ეუბნება, რომ ექიმები საშუალებას არ აძლევდნენ, ენახა შვილის ცხედარი, ხოლო მას შემდეგ, რაც დასაკრძალად გაამზადეს,მამამ მხოლოდ მაჰსა ამინის სახისა და ფეხების დანახვა შეძლო.

ის ასევე ამბობს, რომ მოწმეებმა ოჯახს უამბეს მაჰსა ამინის ცემის შესახებ პოლიციის ფურგონსა და განყოფილებაში.

მაჰსა ამინი 

მანამდე, თეირანის პროვინციის სასამართლო მედიცინის უწყების გენერალურმა დირექტორმა, მეჰდი ფარუზეშმა თქვა, რომ თავისა და სახის არეში ამინის დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა, თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევებიც არ ჰქონია და არც მოტეხილობები თავის ქალაზე.

ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ქალს არც შინაგანი დაზიანებების ნიშნები ჰქონია.

მაჰსა ამინის მამა ტყუილს უწოდებს მტკიცებას, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთაც, შესაძლოა, წვლილი მიუძღოდეს მის გარდაცვალებაში. თეირანის სასამართლო მედიცინის უწყების გენ. დირექტორს ნათქვამი აქვს, რომ ქალს ტვინის ოპერაცია გაუკეთეს 8 წლის ასაკში.

“ისინი იტყუებიან… გასული 22 წლის მანძილზე ის არცერთ საავადმყოფოში არ მოხვედრილა, გარდა გაციებასთან დაკავშირებული რამდენიმე ავადმყოფობისა… ” ,— დასძენს ამჯად ამინი და ამბობს, რომ მის ქალიშვილს არასდროს გაუკეთებია ოპერაცია.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ, რომლის დროსაც გამკაცრდა ქალთა ჩაცმულობის კონტროლი, ამინის დაღუპვის გამოძიებსი ბრძანება გასცა. გასულ კვირას მან თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა “მომავალ დღეებში” იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი