“ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება” — როგორც თეირანში მცხოვრები ქალი, 30 წლის მარიამი* გვიყვება, ეს იყო ყველაზე პოპულარული სლოგანი დემონსტრაციაზე, რომელსაც თავად დაესწრო. შემდეგ მოქალაქეებს პოლიციამ შეუტია.
მიუხედავად ხელისუფლების ხისტი პასუხისა, 2 კვირაა, ირანის ქალაქებსა და დასახლებებში გრძელდება დემონსტრაციები, რომლებიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო და მალევე მიიღო ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო პროტესტის სახე.
აქციებზე ათეულობით ადამიანი დაიღუპა. მარიამმა იცოდა დემონსტრაციაში მონაწილეობის თანმდევი რისკები.
ის “ნეტგაზეთს” ესაუბრა იმაზე, რატომ გავიდა გარეთ 1 კვირის წინ, რა ვითარებაა თეირანის ქუჩებში და რას ელის პროტესტისაგან, რომელსაც ქალების რევოლუციად მოიხსენიებს.
რა ვნახე აქციაზე
სიტყვებით ვერ აღვწერ ატმოსფეროს, რომელიც [აქციაზე] დამხვდა. თუმცა, თუ მოვინდომებ და შევეცდები მის აღწერას, ვიტყვი, რომ სამყაროში არსად მინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს შორის იგრძნობა. არასოდეს მინახავს მათსავით მამაცი ხალხი, განსაკუთრებით კი — ქალები.
აქცია, რომელსაც მე დავესწარი, სოციალურ მედიაში დაიგეგმა. ადგილი და დროც იქ ითქვა. შეკრების დასაწყისში მოქალაქეებს არ უჩვენებიათ, რომ საპროტესტოდ იყვნენ გამოსულნი. დაელოდნენ, სანამ ხალხის რაოდენობა მოიმატებდა, შემდეგ კი სლოგანების სკანდირება დაიწყეს ხმამაღლა. მეც ასე წავედი აქციაზე.
ერთ ადგილას ვერ გაჩერდები, რადგან პოლიცია დაგესხმება თავს. ასე რომ, ვმოძრაობდით. დემონსტრაცია იწყება რომელიმე ვიწრო ქუჩაზე, შემდეგ კი მთავარ მოედანზე ინაცვლებს, სადაც უფრო მეტი ხალხი იკრიბება. აღნიშნულის შემდეგ, ცხადია, მოდიან ძალოვნებიც, რომელთაც სურთ, უბრალოდ, მოგკლან.
ჩვენც ასე შევიკრიბეთ ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე, შემდეგ კი კეშავარზის ბულვარისკენ [ცენტრალური ბულვარი თეირანში] წავედით. ასე უფრო უსაფრთხოა, რადგან პოლიციამ არ იცის, სად იწყება აქცია, რათა მოვიდეს და შემოგიტიოს.
თავდაპირველად ხალხი ბედნიერი იყო ერთიანობის შემხედვარე… ისინი სკანდირებდნენ “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”, “ძირს დიქტატორი”, “არ შეგეშინდეთ, ყველანი ერთად ვართ”, “კაცები, ქვეყანა, კეთილდღეობა”, “ჩვენ არ გვინდა ეს რეჟიმი”, “ჩვენ ვართ მაჰსა” და ა.შ. თუმცა, ყველაზე პოპულარული მაინც “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება” იყო.
საპროტესტო აქცია თეირანში. ფოტო: AFP via Getty Images
შემდეგ დაიწყო ძალადობა. ხალხის რიცხვი იყო, შეიძლება ითქვას, 100, პოლიციისა კი — 30.
ვხედავდით, რომ პოლიცია ადამიანებს სცემდა და ჩვენ ვერ ვეხმარებოდით მათ. მოტოციკლებით მოგვადგნენ უკანა მხრიდან, თოფებითა და ხელკეტებით. ყველას არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი: უმეტესობას სხვა ტიპის თოფი ეჭირა, თუმცა ზოგიერთს ჰქონდა ისეთიც, რომელიც კლავს. ბევრი იყო დაშავებული, თუმცა ჩემი თვალით არ დამინახავს, რომ ვინმე მომკვდარიყო.
უფრო მეტად გაბრაზებს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს შორის დგანან მთავრობის აგენტები, უნიფრმების გარეშე, რომლებიც შენთან ერთად ყვირიან სლოგანებს, თუმცა როგორც კი პოლიცია ხალხს უახლოვდება, ისინი გაკავებენ და პოლიციას გადასცემენ შენს თავს. აქედან გამომდინარე, ნდობის პრობლემაც გვაქვს: არ იცი, ადამიანი, რომელიც შენს გვერდით დგას, მხარს გიჭერს თუ შენ წინააღმდეგ არის.
პოლიციის შეტევის შემდეგ, ადამიანები გაიქცნენ და სხვა ქუჩაზე გადავიდნენ. ზოგიერთი მოქალაქე კარს აღებს და სახლში იფარებს დემონსტრანტებს, რათა პოლიციისაგან დაიცვას ისინი. მეც უსაფრთხოდ მივედი სახლში.
თუ შევადარებთ ახლანდელ და 13 წლის წინ არსებულ ვითარებას, ხალხი გაცილებით გაბედულია. არ ადარდებთ, მოკვდებიან თუ არა. მათ ცვლილება სურთ და შემიძლია, ვთქვა, რომ ქალების როლი აჭარბებს კაცებისას. ვიტყოდი, რომ ესაა ქალების რევოლუცია, კაცები მათ ეხმარებიან.
რატომ გავედი გარეთ
თავისუფლებისთვის; ჩემი ბავშვების მომავლისთვის; ჩემი ლამაზი ქვეყნისთვის, რომელიც მათ ხელთაა; ქალებისთვის, რომლებიც არ არიან უსაფრთხოდ; ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ მომავლის იმედი; სიღარიბის გამო ქვეყნისა, რომელიც სავსეა ნავთობით, თუმცა არის არა ხალხის, არამედ ტერორისტების ხელში; მაჰსასთვის, რომელიც უბრალოდ ჰიჯაბისთვის მოკლეს; რომინასთვის, რომელიც მამამისმა მოკლა და არ არსებობს კანონი, რომელიც მამების მიერ ჩადენილ ამ მკვლელობებს შეაჩერებს.
რევოლუციის ფერი წითელია. რევოლუცია სისხლით ხდება. ჩვენ ეს ვიცოდით.
ჩემი ძმები და დები, რომლებიც ქუჩაში დგანან და გადიან გზას, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო… არ დაიჯერებთ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი 15-23 წლის ხალხია. ისინი ძალიან მამაცები არიან.
კადრი თეირანში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან. ფოტო: AFP via Getty Images
2 დღის წინ ვიყავი ალიასარის ქუჩაზე. ეს პროტესტის ძირითადი ადგილია. სავსე იყო იქაურობა მოტოციკლებითა და წყლის ჭავლის მანქანებით. ავტობუსში ვიჯექი და როცა მგზავრებმა პოლიცია დაინახეს, ყვირილი და ლანძღვა დაუწყეს მას. მეც ასე მოვიქეცი. იმ მომენტისათვის — საღამოს 6 საათი — იქ პროტესტი არ მიმდინარეობდა.
დემონსტრანტებმა შეცვალეს სტრატეგია. ისინი აქციებს იწყებენ ღამით, ასე, 22:00 საათისთვის და ამას არ აკეთებენ ცენტრალურ მოედანზე. მთელი ქალაქი სავსეა პოლიციით.
ჰიჯაბის გარეშე თეირანის ქუჩებში
ქუჩაში აქამდეც ვმოძრაობდი ჰიჯაბის გარეშე და ახლაც. იქამდე ხალხს ეს დიდად არ ადარდებდა, მაგრამ ახლა, როცა ხედავენ, რომ ჰიჯაბი არ გახურავს, ამბობენ, “იბრძოლე თავისუფლებისთვის”, “დაილოცოს მაჰსა”.
ახლა გაცილებით მეტი ქალი გადაადგილდება ჰიჯაბის გარეშე, ვიდრე უწინ. პირადად ჩემთვის [პოლიციას] არაფერი გაუკეთებია [მიმდინარე დღეებში], მათ წინ გავიარე და მისამართიც კი ვკითხე. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, პოლიცია გაგაფრთხილებს, რომ ატარო ჰიჯაბი და ჩხუბსაც დაგიწყებს. მეც ვეჩხუბები, ხალხი მათ ლანძღავს. შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებს აღარ აღელვებთ პოლიცია. ეს შიში გატყდა.
მრავალი წლის განმავლობაში ირანიდან წასული ვიყავი, თუმცა იყო შემთხვევა 13 წლის წინ, როცა პოლიციამ ქუჩაში ჰიჯაბის გამო დამაკავა. დედასთან ერთად ვიყავი. მითხრეს, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, პრობლემებს შემიქმნიდნენ, იტყოდნენ, რომ მთავრობის წინააღმდეგ ვსაუბრობდი და ციხეში გამიშვებდნენ.
სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ პროტესტის მონაწილე ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა, დემონსტრაციაზე შეკრებილი კაცები კი ტაშითა და მხარდაჭერის შეძახილებით ხვდებიან აღნიშნულს.
დედაჩემმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც ხელი ჰკრეს, მე კი პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს, სადაც ერთი დღე გავატარე. ჩემს ოჯახს მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დათქმაზე, რომ თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდებოდა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამაპატიმრებდნენ და ციხეში ჩამსვამდნენ.
ესაა ის, რასაც რასაც ვეჩეხებით ირანში. პრობლემა ჰიჯაბი კი არ არის, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თავისუფლება გვინდა. გვინდა, მსოფლიო პატივს გვცემდეს და ხალხი ტერორისტებს არ გვეძახდეს. გვინდა, რომ მათ [რეჟიმმა] დატოვონ ირანი. გვინდა მშვიდობა მსოფლიოსთან. გვინდა სიღარიბის აღმოფხვრა. გვინდა, უსაფრთხოდ ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, აქ გვქონდეს მომავალი და არ გავრბოდეთ სხვაგან.
რელიგია და ჰიჯაბი არ არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი პრობლემაა დიქტატორი, რომელიც არ გვინდა. გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება იმ ხალხს შორის, ვინც ირჩევს რელიგიასა და ჰიჯაბს და იმათ შორის, ვინც არ ატარებს ჰიჯაბს და არ სურს, ჰქონდეს რელიგია. გვინდა, ერთად დავდიოდეთ ქუჩებში, ბედნიერებითა და თავისუფლებით გარემოცულნი.
ჩემი ძმები უერთდებიან აქციებს, ნათესავებიც ეთანხმებიან პროტესტს და სურთ, მოხდეს რევოლუცია. ისინი ხალხთან დგანან. თუმცა, ჩემმა ძმებმა არ იციან, რომ აქციაზე ვიყავი. ჩემს ბავშვებს მარტო ვუვლი და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სურთ, გარეთ გავიდე [საპროტესტოდ].
პროტესტი ახლა
ახლა შეკრების ადგილების რაოდენობა თეირანში შემცირებულია, აქციების მასშტაბიც — ცოტათი უფრო შემცირებული. თუმცა, შაბათს დაანონსებულია პროტესტი არამხოლოდ თეირანში, არამედ მთელს ირანში.
ძალიან ბევრ ადამიანს აპატიმრებენ, მათ შორის, ცნობილ ხალხს — ფეხბურთელებსა და სხვებს — ვინც მხარს უჭერს პროტესტს. ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია დაკარგეს [ინტერნეტზე შეზღუდვების გამო] და ამის გამო ზოგიერთი ფიქრობს, რომ პროტესტი გაჩერდა.
ამასთან, ქალაქში, ყოველ ნაბიჯზე პოლიციაა. 3-4 ადამიანსაც არ აძლევენ ერთად დგომის ნებას, აფრთხილებენ და ეუბნებიან, რომ თუ არ შეისმენ მათ სიტყვას, გცემენ ან დაგაპატიმრებენ.
ასე რომ, კომუნიკაციის ნაკლებობა, შიში და პოლიციის ძალიან დიდი ოდენობა ქალაქში ცოტათი ამცირებს ხალხის რაოდენობას და ზღუდავს საპროტესტო ადგილების რიცხვს.
მაჰსა ამინი
მეორე მხრივ, პროტესტი მხოლოდ ქუჩაში არ მიმდინარეობს. ბევრი, ვინც ბაზარში, ონლაინ მაღაზიაში თუ ონლაინ ტაქსის მძღოლად, ასევე, სპორტში და სხვა სფეროებში საქმიანობს, ამბობს, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ, სანამ ცვლილება არ მოხდება.
სტუდენტები და პროფესორები არ მიდიან უნივერსიტეტებში, მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები — ქალები და კაცები — ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან ისლამური რესპუბლიკის წესებს… ზოგიერთმა, ვინც ირანის საერთაშორისო გუნდში თამაშობდა, დატოვეს გუნდი და თქვეს, რომ ხალხთან დგანან. ბევრმა ქალმა მსახიობმა მოიხადა ჰიჯაბი და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა შესაბამისი ფოტოები.
ასე რომ, პროტესტი მხოლოდ ქუჩაში არ ხდება, ის ყველგანაა. ქუჩებში, 8-9 საათის შემდეგ მანქანები ასიგნალებენ პროტესტის ნიშნად. პოლიციამ მათთვის სურათების გადაღება დაიწყო, შემდეგ კი მათი დაპატიმრება, მანქანების ფანჯრების ჩამტვრევა, თუმცა ვფიქრობ, ხალხს ეს აღარ ადარდებს.
ქალაქ ზაჰედანში, პარასკევის ლოცვის შემდეგ, ხალხმა პროტესტი დაიწყო, რის საპასუხოდაც მათ პოლიციამ შეუტია და 35 ადამიანი მოკლა. ასე რომ, ვფიქრობ, შაბათს ისევ დაიწყება პროტესტი [როგორც BBC წერს, პარასკევს ზაჰედანში, პოლიციის განყოფილებასთან, “მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ”, 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა ნეტგ.].
მოიტანს თუ არა ეს პროტესტი ცვლილებას
ექსპერტი არ ვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს [ცვლილება] არ მოხდება. სიტუაციაზეა დამოკიდებული: თუ პროტესტი გაგრძელდება, დიახ, ეს შესაძლებელია. ჩვენი იმედი არასოდეს მოკვდება.
მსოფლიო ჩვენთან ერთად დგას. გვჭირდება მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და დაიცვან ერთმანეთი.
თუ ხალხი უფრო ძლიერად დადგება, სავარაუდოდ, [ცვლილება] შესაძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობამ უბრძანა პოლიციას, ებრძოლონ დემონსტრანტებს, თუნდაც მათი მოკვლა დასჭირდეთ. ასე რომ, არ ვიცით, რა მოხდება.
*რესპონდენტის სახელი შეცვლილია უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე.
**ინტერვიუ ჩაწერილია პარასკევს, 30 სექტემბერს.