ახალი ამბები

არსებული პოლიტიკური რიტორიკა არ ეხმარება ინვესტიციების მოზიდვას — მოლინეუსი

21 ოქტომბერი, 2021 •
არსებული პოლიტიკური რიტორიკა არ ეხმარება ინვესტიციების მოზიდვას — მოლინეუსი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური რიტორიკა ინვესტიციების მოზიდვას არ ეხმარება.

ამის შესახებ მოლინეუსმა განაცხადა ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაზე — “შავი ზღვა — საუბრები კავშირების განმტკიცებაზე”. პანელურ დისკუსიაზე ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით.

დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს.

ღონისძიებაზე სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები და შექმნას პოზიტიური გარემო ინვესტიციებისთვის.

“თუ შეხედავთ წინა კვლევებს, რომლებიც შეეხება საქართველოს შესაძლებლობებს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, ბევრ პოზიტივს დაინახავთ, მაგრამ, ასევე, საჭიროა გაუმჯობესები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით… არის გარკვეული გეოპოლიტიკური წუხილები და ასევე, არსებული პოლიტიკური რიტორიკა არ ეხმარება [ინვესტიციებს].

საქართველოს მთავრობაში ყოველთვის იყვნენ რეფორმებისადმი განწყობილნი და ვიმედოვნებ, საქართველო გააგრძელებს ამ რეფორმების გზას ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და სხვების დახმარებით”, — განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება დამოკიდებულებულია რიგ ფაქტორებზე, დაწყებული სასამართლო რეფორმიდან, დამთავრებული საჯარო ადმინისტრირების გაძლიერებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი