ახალი ამბები

საქართველოში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი პოტენციალთან შედარებით ნაკლებია — მსოფლიო ბანკი

23 აგვისტო, 2022 •
საქართველოში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი პოტენციალთან შედარებით ნაკლებია — მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც ეხება საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და გამოწვევებს, მიუხედავად შიდა და გარე ბაზრის შესაძლებლობებისა, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ტემპი მის პოტენციალთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

„მარცვლეული კულტურებისა და მეცხოველეობის უმეტესი ნაწარმის პროდუქტიულობა დაბალია როგორც აბსოლუტური მაჩვენებლებით, ასევე, შესადარებელ ქვეყნებთან მიმართებით.

საოჯახო მეურნეობების თითქმის 80 პროცენტს გააჩნია ერთ ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 4.3 პროცენტს – ერთი ან ორი ჰექტარი და მხოლოდ 1.3 პროცენტს (8577 საოჯახო მეურნეობა) გააჩნია ხუთი და მეტი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

მცირე ფერმების უმეტესობისთვის მცირე ფერმის ზომისა და ფერმის დაბალი პროდუქტიულობის ერთობლიობა ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო შემოსავლები ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მხოლოდ ფერმიდან მიღებული შემოსავალით ირჩინონ თავი“, – წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სოფლად მცხოვრები ადამიანების შემოსავლის ძირითადი წყარო ხელფასები და სოციალური დახმარებებია.

„ფაქტობრივად, სოფლად მცხოვრები საოჯახო მეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს შეადგენს ხელფასები და სოციალური დახმარებები, რომელიც არ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან.

ამასთანავე, ექსპორტზე ორიენტირებული მწარმოებლებისა და აგრობიზნესის საწარმოების შედარებით მცირე, მაგრამ მოწინავე ჯგუფებმა, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს, თხილსა და სასურსათო ხილს, შეიმუშავეს წარმატებული მიწოდების ჯაჭვი და აჩვენეს მდგრადი ზრდის შესაძლებლობა. დანარჩენი ფერმერები სუსტად არიან ინტეგრირებულები ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრებში“, — წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აგრობიზნესის მცირე საწარმოები ძირითადად ფოკუსირებულია შიდა ბაზრებზე და უჭირთ იმპორტთან კონკურენცია. უფრო მეტიც, მიუხედავად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულების ზრდისა, პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირები უფრო ძლიერი უნდა იყოს საწარმოო საშუალებების ინდუსტრიასა და აგროგადამამუშავებელ საწარმოებთან. ეს ეხება ეკონომიკის სხვა სექტორებსაც. ამან შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულების პოტენციალზე, სექტორის მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობაზე.

საქართველოში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, რომელზეც მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი