ახალი ამბები

მასკი უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ხელახალ “არჩევნებზე” წერს – რას პასუხობს მას უკრაინა

3 ოქტომბერი, 2022 • 2343
მასკი უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ხელახალ “არჩევნებზე” წერს – რას პასუხობს მას უკრაინა

ილონ მასკი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა, სადაც წამოაყენა უკრაინის ნეიტრალიტეტის და ანექსირებულ რეგიონებში ხელახალი “არჩევნების” იდეა.

“უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:

  • ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაერთიანებული ერების ზედამხედველობის ქვეშ. რუსეთმა დატოვოს [რეგიონები], თუ ხალხის ნება იქნება;
  • ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც 1783 წლამდე იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე);
  • უზრუნველყოფილი იყოს ყირიმის წყალმომარაგება.
  • უკრაინა დარჩეს ნეიტრალური”, – წერს მასკი.

მისი თქმით, ეს იქნება საბოლოო შედეგი, თუმცა “კითხვაა, რამდენი ადამიანი დაიღუპება მანამდე”. ამასთან, მასკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის “შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო შედეგი” ბირთვული ომი იქნება.

მის ამ პოსტს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, აღნიშნულ ტვიტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი:

“ელონ მასკ, აი, უკეთესი სამშვიდობო გეგმა:

  1. უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს. მათ შორის ანექსირებულ ყირიმს;
  2. რუსეთი ექვემდებარება დემილიტარიზაციას და სავალდებულო დენუკლერიზაციას, რათა სხვას ვეღარ დაემუქროს;
  3. ომის დამნაშავეები გადიან საერთაშორისო ტრიბუნალზე”, – წერს პოდოლიაკი.

მოგვიანებით ილონ მასკის ამ პოსტს ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც:

“რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

  • ის, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას,
  • ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი