30 სექტემბრის საღამოს თბილისში არ გაიმართა კრემლისტური აქცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეგრამზე დააანონსეს.
რამდენიმე დღის წინ ტელეგრამზე გამოჩნდა რუსულენოვანი კრემლისტური არხი, სადაც დაიწერა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული “რეფერენდუმების” აღიარების მოთხოვნით თბილისში აქცია სწორედ დღეს უნდა გამართულიყო.
აღნიშნული არხი ნაწილია ერთსა და იმავე პერიოდში შექმნილი, ერთი და იმავე სიმბოლიკისა და გზავნილების მატარებელი არხების ქსელისა, რომელთა მმართველებიც ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პოლიტიკას და სურთ, თავიანთი ქვეყნები რუსეთს დაუახლოვდნენ.
იმ ფონზე, რომ არც ერთი არხის ადმინისტრატორის ვინაობაა ცნობილი და არც რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული, რთული სათქმელია, ვინ დგას ქსელის უკან და სერიოზულია თუ არა მათი გეგმები პრორუსულ აქციებთან დაკავშირებით.