“ტელეგრამზე” გამოჩნდა რუსულენოვანი კრემლისტური არხი, რომელიც თბილისის ცენტრში აქციას აანონსებს რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული “რეფერენდუმების” აღიარების მოთხოვნით.
აღნიშნული არხი ნაწილია ერთსა და იმავე პერიოდში შექმნილი, ერთი და იმავე სიმბოლიკისა და გზავნილების მატარებელი არხების ქსელისა, რომელთა მმართველებიც ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, ეწინააღმდეგებიან აშშ-ის პოლიტიკას და სურთ, თავიანთი ქვეყნები რუსეთს დაუახლოვდნენ.
იმ ფონზე, რომ არც ერთი არხის ადმინისტრატორის ვინაობაა ცნობილი და არც რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული, რთული სათქმელია, ვინ დგას ქსელის უკან და სერიოზულია თუ არა მათი გეგმები პრორუსულ აქციებთან დაკავშირებით.
რას წერენ ხსენებულ არხებზე
ტელეგრამის არხი, სახელწოდებით “Свободная ГруZия”(“თავისუფალი საქართველო”) 27 სექტემბერს შეიქმნა. არხის სახელწოდებაში გარეულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ერთ-ერთი სიმბოლო, ლათინური “Z”, ლოგოდ კი საქართველოს დროშაა გამოყენებული, ოღონდ ლურჯი ფერის.
არხის “მანიფესტი” იწყება მტკიცებით, რომ გვესაუბრებიან “ნამდვილი ქართველები”, რომლებიც უარყოფენ “პროდასავლურ, კოლონიალურ პოლიტიკას” და სურთ, რუსეთი იყოს მათი “ნამდვილი მეგობარი და დამრიგებელი”.
ტექსტში ასევე, წერია, რომ მისი ავტორ(ებ)ი აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას, განიხილავენ ყირიმს რუსეთის ნაწილად და მხარს უჭერენ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში.
“ნეტგაზეთმა” გაარკვია, რომ “ტელეგრამზე” მოიძებნება ხსენებული არხის მსგავსი მინიმუმ ორი არხი: “Свободный КаZахстан”(“თავისუფალი ყაზახეთი”) და “СVободные Штаты Америки / Free USA Foundation”(“თავისუფალი აშშ-ის ფონდი”). პირველი 28 სექტემბერს შეიქმნა, მეორე — 29 სექტემბერს.
არხების სახელწოდებებში გარეულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის სიმბოლოები “V” და “Z”, მთავარ ფოტოებად კი გამოყენებულია შესაბამისი ქვეყნების ეროვნული დროშები, ოღონდ ლურჯ ფერში გადაწყვეტილი.
სამივე არხზე მათი შექმნიდან მალევე გამოჩნდა მოწოდებები შეკრებებისკენ, რომელთა სერიოზულობაც, მათი შინაარსიდან გამომდინარე, რთულად დასადგენია:
საქართველოში აქციის მოწყობა სურთ რუსეთის მიერ უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული “რეფერენდუმების” შედეგების აღიარების, ასევე, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებისა და საქართველოში რუბლის ზონის შემოღების მოთხოვნით, ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტასთან ერთად;
ყაზახეთის შემთხვევაში მხარს უჭერენ რუსეთის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ემხრობიან ყაზახეთის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში;
აშშ-ში სურთ “ამერიკის პოლიციის მხარდასაჭერად” და “რუსეთთან ომის წინააღმდეგ” აქციების ჩატარება. არხზე მითითებულია, რომ ის აშშ-ში მცხოვრებმა რუსებმა შექმნეს.
“ნამდვილი ქართველების” სახელით შექმნილი არხის შესახებ ქართულ სოც. მედიაში ცნობები არაერთგზის გავრცელდა, რის ფონზეც მომხმარებლებმა მისი გასაჩივრება დაიწყეს. ამჟამად არხი “ტელეგრამის” მიერ მონიშნულია, როგორც “ყალბი”(Fake).
ამავე პერიოდში, 29 სექტემბერს, “ტელეგრამზე” გამოჩნდა კიდევ ერთი რუსულენოვანი არხი, რომლის შემქმნელებიც ასევე ირწმუნებიან, რომ ქართველები არიან. მისი “მანიფესტი” სტილით ჰგავს მანამდე შექმნილი არხის “მანიფესტს”, იმ განსხვავებით, რომ აქ დაგმობილია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, არხის გზავნილებში დაგმობილია დასავლეთიც, აღნიშნულია, რომ ის კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრებას ცდილობს რუსებისათვის პუტინის ქმედებების გამო.
აქციის ანონსს ამ ჯგუფშიც ვხვდებით: ავტორი საქართველოს მოქალაქეებსა და რუსეთიდან შემოსულ პირებს “რეფერენდუმების” საწინააღმდეგო შეკრებაზე ეპატიჟება. ტექსტში მითითებული დრო და ადგილი ემთხვევა მანამდე დაანონსებული “რეფერენდუმების” მხარდამჭერი შეკრების დროსა და ადგილს თბილისში.
თუ ორივე ზემოხსენებული ჯგუფის ანონსი წარმატებით შესრულდება, “რეფერენდუმების” მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე ადამიანები ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას შეიკრიბება თბილისში.
“პროვოკაცია”
ფონდ “თავისუფალი რუსეთის” სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ეგორ კუროპტევი თვალს ადევნებს ზემოხსენებული ჯგუფების აქტივობებს. მისი აზრით, ესაა “წინასწარ დაგეგმილი შეტევა შუღლისა და ბრაზის გასაღვივებლად” და საქართველოსა თუ ყაზახეთის მოქალაქეთა შორის “რუსებისადმი აგრესიის გამოსაწვევად”.
“როგორც წესი, FSB[რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] ყოველთვის აკეთებს ამას, მიზანი არის სიძულვილისა და ბრაზის გაღვივება და აგრესიის გამოწვევის მცდელობა ხალხთა შორის, შემდეგ კი, ამ აგრესიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ესაა პროვოკაცია და მთავრობამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა აწარმოონ მონიტორინგი, დაბლოკონ ყველა ეს სიგნალი, რადგან ეს ძალიან საშიშია საქართველოს შიდა სიტუაციისთვის იმ ფონზე, როცა ხალხის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის [რუსეთიდან] ყოველდღიურად”, — ეუბნება კუროპტევი “ნეტგაზეთს”.
ეგორ კუროპტევი
მისივე სიტყვებით, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, ისე რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების პერიოდში, შეიქმნა მრავალი ანგარიში, რომლებიც ერთსა და იმავე გზავნილებს ახმიანებდნენ. კუროპტევი ამ კონტექსტში განიხილავს ზემოხსენებულ არხებსაც:
“ახლაც მათ შექმნეს ასობით ანგარიში, უტევენ ჩატებს… გამოხატავენ ანტიქართულ სენტიმენტებს, კითხულობენ, შეიძლება თუ არა, საქართველოში Z სიმბოლოებით შემოვიდეთო.
რა თქმა უნდა, ისინი ყალბები არიან, რადგან თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ერთსა და იმავე მესიჯს ახმიანებს ათეულობით სხვადასხვა ანგარიში. როცა ამ ანგარიშებს ხსნი, ხედავ, რომ ანიმაციები უდევთ ფოტოებად, არანაირი სახელი, არანაირი ტელეფონის ნომერი და ა.შ.”
ეგორ კუროპტევი ფიქრობს, რომ “ტელეგრამზე” თბილისში დაანონსებული აქციის გამართვა არარეალურია.
“ვფიქრობ, დემონსტრაციის გამართვა შეუძლებელია. ვნახოთ [რა მოხდება] ხვალ. ვფიქრობ, ეს არხები არა საქართველოდან, არამედ რუსეთიდანაა ინიციირებული, პროვოკაციისთვის”, — აღნიშნავს ის.
ამავე თემაზე:
თბილისში ტელეგრამით დაანონსებული კრემლისტური აქცია არ გაიმართა