ახალი ამბები

ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე, ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე მცირდება – ხუციშვილი

30 სექტემბერი, 2022 • 1005
ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე, ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე მცირდება – ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე შემცირდება, ხოლო საგარეო ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე შემცირდება. პრემიერის თქმით, სრული ბიუჯეტი  24.3 მილიარდი ლარი იქნება.

მინისტრი ხუციშვილის თქმით, დღეს მთავრობამ  2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა და პირველადი ვერსია მოამზადა, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნის.

ლაშა ხუციშვილმა გაიხსენა 2020 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები, როდესაც დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია, ხოლო საგარეო ვალის მოცულობამ მშპ-ის 60%-ს გადააჭარბა, და განაცხადა:

„გადავდგით არაერთი ნაბიჯი, რომ ფისკალური კონსოლიდაცია განხორციელებულიყო და მაკროეკონომიკური პარამეტრები ჩარჩოში მოქცეულიყო“.

მისი თქმითვე, „2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ფისკალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება 2.8%-მდე, ხოლო ვალის მოცულობა ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, რაც არის ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი“.

ხუციშვილის თქმით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობა იყო მაღალი და ეკონომიკის 10.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა; საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 8 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.3%-ს შეადგენს, ხოლო უშუალოდ აგვისტოში – 10.5%-ს.

„ეს გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ძალიან ახლოს იქნება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან [წლევანდელი] ეკონომიკური აქტივობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე, მომავალ წელს ნავარაუდებია მშპ-ის ზრდა 5%-ით, რაც, მისი თქმით, კონსერვატიული პროგნოზია, რომლის კორექტირებაც ფაქტობივი მაჩვენებლის მიხედვით მოხდება.

„მშპ-ს მოცულობა 2023 წელს მიაღწევს 80 მლრდ ლარს – დაახლოებით 30 მლრდ ლარით გაიზარდა 2020 წლის შემდეგ“, – განაცხადა მან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ „2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი“.

მინისტრი ხუციშვილის განცხადებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2023 წელს „გადააჭარბებს 7500 დოლარს“.

„2026 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ მპშ-ს მოცულობა იქნება 101 მლრდ ლარი და 1 სულ მოსახლეზე 9500 დოლარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია“, – განაცხადა მან.

ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ბიუჯეტის პრიორიტეტებზე:

  • თავდაცვა და უსაფრთხოება:
    • თავდაცვის, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 490 მლნ ლარზე მეტით, მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასები გაიზრდება 20%-ით. ამისთვის გათვალისწინებულია 290 მლნ ლარის დამატება;
    • [ზოგადად, მომდევნო 4 წელიწადში საჯარო სამსახურებში 10%-ით გაიზრდება]
    • „პოლიციელების და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობა“.
  • სოციალური პროგრამები:
    • იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 770 მლნ ლარით;
    • დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, იწყება 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს 250 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული;
    • გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოიცავს პენსიების ზრდას;
      • 70+ ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით იზრდება და 365 ლარი ხდება;
        • მაღალმთიან დასახლებებებში – 438 ლარი;
      • 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და შეადგენს 255 ლარს;
        • მაღალმთიან დასახლებებში – 354 ლარი;
    • მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლები იზრდება 65 ლარით, ხოლო დანარჩენი შშმ პირების სოციალური გასაცემლები – 35 ლარით;
  • განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 290 მლნ ლარზე მეტით;
    • სკოლის მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასი იზრდება 125 ლარით;
    • ადმინისტრაციის პერსონალის ხელფასი – 10%-ით გაიზრდება;
    • დაიწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც გათვალისწინებულია 300 მლნ ლარამდე დაფინანსების გაზრდა…
    • საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება (მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან).

მასალების გადაბეჭდვის წესი