ახალი ამბები

ეს დიდი გამარჯვებაა – ტიხანოვსკაია სახაროვის პრემიის ამაღლობელისა და პოჩობუტისთვის გადაცემაზე

22 ოქტომბერი, 2025 •
ეს დიდი გამარჯვებაა – ტიხანოვსკაია სახაროვის პრემიის ამაღლობელისა და პოჩობუტისთვის გადაცემაზე

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, დიდი გამარჯვებაა სახაროვის პრემიის გადაცემა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის, ,„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტ ანდჟეი პოჩობუტისთვის.

ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტში ქმართან ერთად, სერგეი ტიხანოვსკისთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსში რეჟიმის 5-წლიანი პატიმრობისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. 2020 წელს ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სწორედ ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა, მათ შორის იყო სერგეი ტიხანოვსკიც.

„დიდი პატივია გამოსვლის დაწყება ასეთი შესანიშნავი ამბებით. გულწრფელად ვულოცავ ანდჟეი პოჩობუტს, მის ოჯახს და ყველა ბელარუსელს. რა თქმა უნდა, ვულოცავ მზია ამაღლობელსაც. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს(ECR) და ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ანდჟეი პოჩობუტის სახაროვის პრემიაზე წარდგენისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მის კანდიდატურას მისცა ხმა. ანდჟეი ბელარუს-პოლონელი ჟურნალისტია, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ და დიქტატორის პირად მტრად იქცა. მას შემდეგ, რაც მას 8 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრობა მიესაჯა, თქვა: „სუფთა სინდისით მივდივარ ციხეში. ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც ბელარუსში ასეთი დრო დადგებოდა, ციხეში აღმოვჩნდებოდი“.

სახაროვის პრემიის მინიჭება ანდჟეისა და საქართველოდან უშიშარი მზია ამაღლობელისთვის ყველა პოლიტპატიმარს მტკიცე გზავნილს უგზავნის, რომ „მარტო არ ხართ და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“. როგორც გერმანელმა პარლამენტარმა, მანუელა როტმანმა ერთხელ თქვა: „დღეს გმირები ფილმებში არ არიან. გმირები ციხეებში არიან“. ანდჟეი და მზია მათ შორის არიან. ასე რომ, გილოცავთ. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.


2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები —  „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.

სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.

სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის იყვნენ:

  • „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” — ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
  • ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
  • სერბი სტუდენტები.

გამარჯვებული აირჩია პრეზიდენტთა კონფერენციამ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.

სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი, მაჰსა ამინი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა. შარშანდელი გამარჯვებული არიან ვენესუელის ოპოზიციური პოლიტიკოსები: მარია კორინა მაჩადო და ედმუნდო გონსალესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი