ახალი ამბები

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება

28 სექტემბერი, 2022 • 718
ლიეტუვის ელჩი საქართველოში ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება

საქართველოში ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას შეფასებით, ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს დღევანდელი ვიზიტი აფხაზეთში ადასტურებს ბელარუსის და რუსეთის ერთობლივ უპატივცემულობას გაეროს ქარტიის და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ.

მისი თქმით, ლიეტუვა სრულად უჭერს საქართველოს მხარს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი