ახალი ამბები

ვინ იქნება პირველი ილიას უნივერსიტეტთან?

6 მაისი, 2010 • • 1259
ვინ იქნება პირველი ილიას უნივერსიტეტთან?

სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარასკევს, 7 მაისს, დღის პირველ საათზე, ილიას  უნივერსიტეტთან ამავე დაწესებულების სტუდენტების აქცია იგეგმება. მათ ის ადამიანებიც შეუერთდებიან, რომლებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის, ასევე, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ძალადობრივი  ქმედებების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამ წუთისთვის აქციაზე დასწრებაზე დადებით პასუხს 280 ადამიანი აფიქსირებს. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ილიას უნივერსიტეტთან ხვალ, 12 საათზე, ის ადამიანებიც აპირებენ მისვლას, რომლებიც ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციას და, ზოგადად, უნივერსიტეტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს სააკაძის მოედანზე გამართულ მიტინგზე მისულმა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თავჯმდომარემ, მალხაზ გულაშვილმა განუცხადა: “ხვალ, 12 საათზე, ჩვენი სტუდენტობა აწყობს  აქციას ილიას ინსტიტუტთან. მათ მხარდასაჭერად მეც მივალ”.

მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მან ასეთი სიტყვით მიმართა: “სახელმწიფო ინსტიტუტში ღვთისმშობლის ლანძღვა-გინება მიმდინარეობს.  ჩვენს ქვეყანას გვილანძღავენ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის რექტორები და მათთან მოთავსებული თავისუფლების ინსტიტუტი.  ეს არის აღვირახსნილობა. ეს არის უზნეობის პროპაგანდა. ეს უნდა დაისაჯოს”.  
განცხადება დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა  საბჭომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ”უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების შეზღუდვა დაუშვებელია”.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება. ნებისმიერი მისი მოქმედების საფუძველი არის საქართველოს კონსტიტუცია, მისგან გამომდინარე კანონები და უნივერსიტეტის წესდება. უნივერსიტეტის მოქმედების ამოსავალი პრინციპებია აკადემიური,

სინდისის და არჩევანის თავისუფლებები. უნივერსიტეტის კედლებში ამ თავისუფლებების შეზღუდვა დაუშვებელია.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური წარმომამდგენლები, დარწმუნებულები ვართ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შექმნილია მეცნიერული კვლევისათვის და მეცნიერების სწავლებისათვის, არის სრულიად სეკულარული, საერო ორგანიზაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად

რელიგიური მიზნების მქონე ინფრასტრუქტურის განვითარება უნივერსიტეტში. ჩვენ ვიცავთ აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლებას. 

ვფიქრობთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არცერთი აღმსარებლობის და არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლობა არ არის, უნივერსიტეტი ასრულებს თავის მთავარ სოციალურ ფუნქციას:

საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ის ღიაა ნებისმიერი დიკუსიისათვის, ნებისმიერ თემაზე ხმამაღლა ფიქრისათვის და ნებისმიერი აზრის გამოხატვისთვის. დარწმუნებულები ვართ, ამ უნივერსიტეტის კედლებში გარანტირებული აკადემიური, სინდისის და არჩევანის თავისუფლებები არის ის, რაც იცავს როგორც პროფესორების და მკვლევარების, ასევე, სტუდენტების და ადმინისტრაციული თანამშორმლების უფლებას, მიაკუთვნონ თავი ნებისმიერ აღმსარებლობას და ამის გამო არ იგრძნონ საკუთარი უფლებების შეზღუდვა.

ასევე, არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების ნაწილის მიერ მოთხოვნილი ცენზურის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში გასაყიდად დადებულ წიგნებს და ჩატარებულ წიგნების პრეზენტაციებს. უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია. იმისდა მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თითოეულ ჩვენგანს

კონკრეტულ წიგნთან, ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპისადმი ერთგულება, ასევე, ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლებისადმი და პარტნიორებისადმი ნდობაზე, ნებისმიერი წიგნის შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანია – არა მარტო უნივერსიტეტის, არამედ, ქვეყნის აწმყოსთვის და მომავლისთვისაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი